გიორგი თაბაგარი - ღირსების მარში სოლიდარობისთვის თავისი არსით მშვიდობიანია, არ გვაქვს სურვილი, რაიმე კონფრონტაციაში აღმოვჩნდეთ ჩათრეული, გეგმების შეცვლას არ ვაპირებთ
„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის განცხადებით, ღირსების მარში თავისი არსით მშვიდობიანია და არ აქვთ სურვილი, რაიმე კონფროტაციაში აღმოჩნდნენ ჩათრეული.
მისივე თქმით, გეგმების შეცვლას არ აპირებენ და მსვლელობას გამართავენ.
ამასთან, გიორგი თაბაგარი აღნიშნავს, რომ იმედი გვაქვს, პოლიცია მასზე დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს.
„ღირსების მარში სოლიდარობისთვის“ თავისი არსით მშვიდობიანია. არ გვაქვს სურვილი, რაიმე კონფროტაციაში აღმოვჩნდეთ ჩათრეული. არ გვინდა, პირდაპირ აღმოვჩნდეთ საპატრიარქოს, ან სხვა ნებისმიერ მოძალადე ჯგუფთან, რომელიც ჩვენი აქციის წინააღმდეგ ორგანიზდება. ჩვენ გეგმების შეცვლას არ ვაპირებთ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინი თავის პირობას შეასრულებენ და იქნებიან მშვიდობიანები, ჩვენც ჩვენს გეგმას შევასრულებთ, მსვლელობას გავმართავთ, ამით ჩვენი საზოგადოება და მათ შორის საპატრიარქო, რომელიც დაანონსებული ძალადობრივი აქციით ძალიან დიდ შეცდომას უშვებს, მხოლოდ მოიგებს.
არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობენ რელიგიური კონფესიები, ჩვენ სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც სამართალზე ძირითადი პასუხისმგებელი სახელმწიფოა. ჩვენი უმაღლესი კანონი კონსტიტუციაა და არა რელიგიები, ამიტომ ჩვენ მხოლოდ სახელმწიფოსთან ვთანამშრომლობთ, მხოლოდ სახელმწიფოს პირდაპირი პრეროგატივაა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამ ორგანიზაციებს შეუძლიათ, ჰქონდეთ თავიანთი აზრი, ეს ჩვენთან პირდაპირ ბმაში არ არის.
ჩვენ მოლაპარაკებები გვქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან წინა სხვა ღონისძიებებზე, ჯერ კიდევ უნდა ვისაუბროთ, თუმცა იმედი გვაქვს, პოლიცია თავის დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს“, – განაცხადა გიორგი თაბაგრმა.