გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა 8 ოქტომბერს დაიწყება
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადადის. სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის თაობაზე ბრალდებული ხუთი პირის ადვოკატების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა მცხეთის სასამართლოში 8 ოქტომბერს 12:00 საათზე დაიწყება. საქმის პროკურორს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს და ამბობს, რომ ბრალდებულების დანაშაულის სამტკიცებლად საქმეში მყარი მტკიცებულებები დევს.
„იმ ბრალდებულებს, რომელთაც ბრალი წარდგენილი აქვთ 109-ე მუხლით, მათ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობა ჩაიდინეს და მიგვაჩნია, რომ ეს ბრალდება არსებითი განხილვის შედეგად დადასტურდება. აღნიშნულის დამადასტურებელია მოწმეთა ჩვენებები, ვიდეომასალა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და უამრავი მტკიცებულება პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ამ ბრალდებულებს საკმარისი დრო ჰქონდათ, რომ გიორგი შაქარაშვილი მოეკლათ და უკან ამოსულიყვნენ. პირდაპირი და ირიბი მტკიცებულება რა არის, სასამართლომ უნდა შეაფასოს არსებითი განხილვის დროს. ჩვენ გვაქვს მყარი მტკიცებულებები, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ ხუთივე ბრალდებულმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ნაწილში მონაწილეობა მიიღო. ის, რომ უშუალოდ მკვლელობის ვიდეოჩანაწერი არ არის საქმეში და კამერით არ მიმდინარეობდა გადაღება, არ ნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს მტკიცებულება არ აქვს და მათ განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენიათ“, – განაცხადა ყაზარაშვილმა.