გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული პირების ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. მათი თქმით, სასჯელის ნაწილში მოსამართლე უკანონო და არაობიექტური იყო.
ამასთან, ადვოკატები არ გამორიცხავენ, დავა სტრასბურგის სასამართლოში განაგრძონ.
„დარწმუნებული ვარ, ათი წელი და ექვსი თვე არ მოუწევთ. ამ უღირსი გადაწყვეტილების გასაჩივრებას ვაპირებთ ზემდგომ ინსტანციაში. სტრასბურგი იმსჯელებს ამ დაუსაბუთებელ, უკანონო გადაწყვეტილებაზე, რაც სამარცხვინოდ მიიღო მოსამართლე სტურუამ. ეს გზა არის, რომ უზენაეს სასამართლოში დაინიშნოს, ეს არჩევანი გააკეთა მოსამართლემ და არ შევეგუებით ამას“, – განაცხადა ერთ-ერთი არასრუწლოვანი მსჯავრდებულის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა.
ამასთან, არასრულწლოვნების ადვოკატები პროტესტის ნიშნად სასჯელის განსაზღვრის გამოცხადებას არ დასწრებიან. ერთ-ერთი ადვოკატის, ლელა გოგოლაძის თქმით, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები უდანაშაულოები არიან და გამამართლებელი განაჩენი უნდა დამდგარიყო.
„პროტესტის ნიშნად დავტოვე დარბაზი. უდანაშაულოები არიან, გამამართლებელი განაჩენი უნდა ყოფილიყო, 10 წელს თუ 16 წელს არ აქვს მნიშვნელობა. აბსოლუტურად ყველა ბერკეტს მივმართავთ, რითაც დავადასტურებთ უდანაშაულობას. არ გამოვრიცხავთ მივიდეთ სტრასბურგამდეც“, – განაცხადა ლელა გოგოლაძემ.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ ორ არასრულწლოვანს, ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს სასჯელის ზომად თითოეულს 10 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა.