გიორგი სახოკია - რეგიონში საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივას შეუერთდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, გიორგი სახოკიამ თვითმმართველობის თემაზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენცია სახელწოდებით „ღია მმართველობა ადგილობრივ თვითმმართველობაში“ სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა.
სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა აღნიშნა, რომ რეგიონში საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივას (OGP) შეუერთდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციაზე 25 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილობრივ თვითმმართველობაში გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე, ასევე საქართველოს მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში აღებულ ვალდებულებაზე იმსჯელეს.
კონფერენციის მსვლელობისას მუნიციპალიტეტებმა თავიანთი გამოცდილება სხვა ადგილობრივ თვითმმართველობებს გაუზიარეს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი, თბილისის მერი კახა კალაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.