გურიის გუბერნატორი კოვიდთან ბრძოლის შტაბის წევრებს შეხვდა
გურიის გუბერნატორი კოვიდთან ბრძოლის შტაბის წევრებს შეხვდა

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი სახოკია კოვიდთან ბრძოლის რეგიონული შტაბის წევრებს შეხვდა და მათთან ერთად რეგიონში არსებული ეპიდვითარება განიხილა.

შეხვედრაზე ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ კოვიდთან თანაცხოვრების პირობებში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს დაწესებული რეგულაციების დაცვა. როგორც რწმუნებულმა აღნიშნა, პირბადეების მაქსიმალურად გამოყენება, ხშირი ტესტირება და ვაქცინაცია ხელს შეუწყობს სიტუაციის კონტროლსა და ცხოვრების ნორმალურ რიტმში დროულად დაბრუნებას. საბჭომ ასევე განიხილა კოვიდტესტირების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების შესაძლებლობები, რომელიც შესაძლოა დაინერგოს უახლოეს პერიოდში.

შეხვედრას რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული მხარეები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, რეგიონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელები, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ რწმუნებულმა რეგიონის ის სამედიცინო დაწესებულებები მოინახულა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ვირუსის მართვაში.