გიორგი ქობულია - სახელმწიფო და მთავრობა არ წყვეტენ, რა ეღირება პური, საბჭოთა კავშირი აღარ არის, დაინგრა
გიორგი ქობულია - სახელმწიფო და მთავრობა არ წყვეტენ, რა ეღირება პური, საბჭოთა კავშირი აღარ არის, დაინგრა

ჩვენ არ ვკარნახობთ ბიზნესს, სახელმწიფო და მთავრობა არ წყვეტენ, რა ეღირება, საბჭოთა კავშირი აღარ არის, დაინგრა, – ასე უპასუხა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა კითხვას პურის გაძვირების შესახებ.

„აქამდე არასამართლიანი კონკურენციის პირობებს ვერ ვხედავდით, დღეს პურის ფასმა მკვეთრად მოიმატა, ამიტომ ამან გამოიწვია ჩვენი ყურადღება არასამართლიანი კონკურენციის თვალსაზრისით. ამას გამოვიძიებთ და შევისწავლით, თუ იქნება პრობლემა, ამაზე რეაგირებას მოვახდენთ“,-აღნიშნა ქობულიამ.

რაც შეეხება საკითხს, არის თუ არა გარე ფაქტორები, რაც გამოიწვევდა პურის ფასის მომატებას, როგორც ქობულიამ აღნიშნა, არსებობს სიტუაცია, რომელსაც ნაწილობრივ შეეძლო გამოეწვია პურის ფასის მომატება.

„მაგალითად, მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის ფასებმა აიწია. ჩვენ პურის ფასში ვერ ჩავერევით, მაგრამ თუ დავინახავთ, რომ არაკონკურენტული გარემოს გამო მოხდა ფასის მატება, რეაგირებას მოვახდენთ კონკურენციის სააგენტოს ფარგლებში“,- აღნიშნა ქობულიამ.

კომპანია „იფქლმა“ დღეს განცხადება გაავრცელა, რომ „იფქლის“ დასახელების პური 10 თეთრით ძვირდება.

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე შესაბამის ორგანოებს მიმართა, უმოკლეს ვადებში შეისწავლონ პურპროდუქტების ბაზარზე არსებული ვითარება და შესაბამისი ანგარიში მოამზადონ. მისი თქმით, არსებობს მოსაზრება არასამართლიანი კონკურენციის შესახებ.