ოთარ შამუგიამ პურის ფასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა
ოთარ შამუგიამ პურის ფასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პურის ფასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, სახელმწიფოს მიზანია, პირველ რიგში, ადგილობრივ წარმოებას შეუწყოს ხელი და გაზარდოს თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი ვიზიტის ფარგლებში. ველოდებით, რომ პირველ ეტაპზე დაიწყება, ღირებულების ჯაჭვის შესწავლა ჩვენი ამერიკელი კოლეგების დახმარებით. შემდგომ გამოიკვეთება ის საჭიროებები, რომელი კუთხითაც იქნება მხარდაჭერა საჭირო. კვლევების შედეგების საფუძველზე, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არის კარგი ტენდენცია როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის ფასების შემცირებისკენ. მისივე თქმით, აგვისტოში, ქვეყანაში დაახლოებით, 25 000 ტონა ხორბალია შემოსული. შემცირებულია საექსპორტო გადასახადი, რაც ხელს შეუწყობს, რომ წისქვილკომბინატებმა ჩვეულ რეჟიმში დაიწყონ მუშაობა.

როგორც შამუგიამ განაცხადა, აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნება პურის ფასზე იქონიებს ზეგავლენას და შემცირდება.