პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პურის ფასი სტაბილურია და ჯერჯერობით არ გაიზრდება
პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პურის ფასი სტაბილურია და ჯერჯერობით არ გაიზრდება

საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ პურის ფასი დასტაბილურდა. მისი შეფასებით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში პურის ფასი დაბალია.

„მას შემდეგ, რაც სუბსიდირება დასრულდა, ფქვილის ფასი დაფიქსირდა 60-62 ლარის ფარგლებში, მაშინ მოხდა 10-თეთრიანი მატება პურზე. ამის შემდეგ ასე სტაბილურად მოდის ეს ფასი და ჯერჯერობით არ შეცვლილა. დღეს საქართველოში პურის ფასი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, დაბალია.

შედარებისთვის, სპეციალურად ვიყიდე ორი ლიტრი წყალი და ავიღე ორი ცალი პური. ორი ლიტრი წყალი ღირს 2.70 ლარი, ხოლო ორი პური ღირს 2.20 ლარი. შედარებისთვის, იმიტომ გეუბნებით, რომ წყალი ბუნებრივი პროდუქტია, პური შესაქმნელი პროდუქტია.

პურის ფასი შედგება ბევრი კომპონენტისგან – მათ შორის, ფქვილის ღირებულება, სატრანსპორტო ხარჯები, ენერგომატარებლები, მუშახელის ხელფასი და მთელი კალკულაციაა აქ. ეს ყველაფერი გაძვირებულია. ჩვენ მაქსიმალურად ვაკეთებთ იმას, რომ პურის ფასი შედარებით დავიჭიროთ. ზარალზე არც ერთი საწარმო არ იმუშავებს, მაგრამ ფასი დაჭერილია მინიმალური მოგების ხარჯზე.

მე ვვარაუდობ, რომ მომავალ თვეში შესაძლებელია, ფასები შეიცვალოს, მაგრამ შესაძლებელია, არ შეიცვალოს, სახელმწიფო თუ რაღაც ქმედებებს გაატარებს. მაგალითად, გახსოვთ, რომ იყო სუბსიდირება. ასეთი პროგრამა კვლავ თუ აამოქმედეს, მაშინ არ გაიზრდება; თუ არ ამოქმედდება, სავარაუდოდ შეიძლება 10 თეთრით გაიზარდოს. ოქტომბრამდე ფასები სავარაუდოდ არ შეიცვლება“, – აცხადებს მალხაზ დოლიძე.