ლევან დავითაშვილი - სასურსათო უსაფრთხოების კუთხით მოსახლეობას პრობლემა არ აქვს, პურის ფასის გაზრდის წინაპირობა დღეს არ არის
ლევან დავითაშვილი - სასურსათო უსაფრთხოების კუთხით მოსახლეობას პრობლემა არ აქვს, პურის ფასის გაზრდის წინაპირობა დღეს არ არის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სასურსათო უსაფრთხოების კუთხით მოსახლეობას პრობლემა არ აქვს.

მისივე თქმით, არსებული გარემოფაქტორების გათვალისწინებით, პურის ფასის გაზრდის წინაპირობა დღეს არ არის.

„ფქვილი არის, სასურსათო უსაფრთხოების კუთხით მოსახლეობას პრობლემა არ აქვს. ჩვენთვის მთავარი ამოსავალია, რომ იყოს პურზე ხელმისაწვდომობა მოსახლეობისთვის, ასევე, იყოს რაც შეიძლება ხელმისაწვდომი ფასები. რა თქმა უნდა, გაზრდა არ არის მთავრობის ინტერესში და არ არის საზოგადოების ინტერესში. ამიტომ ჩვენ რომ ხელოვნური ბარიერები შევქმნათ, ამ შემთხვევაში ფქვილის იმპორტის, ეს მიუღებელია, ამაზე პრემიერმა დღეს გააკეთა განცხადება. მთავარია, ჩვენ გვქონდეს დეტალური მონიტორინგი იმისა, რომ ჩვენ მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა და ეს ასეც იქნება. ამაზე პასუხისმგებლობა აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ვფიქრობ, ძალიან კარგად ართმევენ თავს. პურის ფასის გაზრდის წინაპირობა დღეს არ არის. თუ გარემოფაქტორები შეიცვლება, რა თქმა უდნა, ყველაფერი შეიძლება, მოხდეს, თუმცა ამ გარემოფაქტორების გათვალისწინებით, დღევანდელ ვითარებაში ამას არ აქვს წინაპირობა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რაც შეეხება ხორბალს, მინისტრის განმარტებით, არის გარკვეული მარაგი.

„საქართველო დღეს არის ტრანზიტული ქვეყანა, რომლის საპორტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით დაინტერესებულია, მათ შორის ხორბლის ექსპორტიორი ქვეყნები. ჩვენს კორიდორში ხორბალი მოძრაობს და აქედან გამომდინარე, ის უსაფრთხოების საკითხები, რომელზეც თქვენ საუბრობთ, გათვალისწინებულია და ქვეყანას არ აქვს პრობლემები.

მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ყველაზე კომპეტენტური უწყება არის სოფლის მეურნეობის სამინისტრო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუდმივად აქვს კომუნიკაცია კომპანიებთან და შესაბამისად, მთავრობა, როგორც წესი, ეყრდნობა და ითვალისწინებს იმ გადაწყვეტილებასა და რეკომენდაციას, რომელსაც ეს სამინისტრო წარმოგვიდგენს ხოლმე“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.