გიორგი ქობულია - ეკონომიკური მაჩვენებლები შთამბეჭდავია, მაგრამ ერთ სულ მოსახლეზე შექმნილი შემოსავალი, არის ძალიან მცირე
საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები შთამბეჭდავია, მაგრამ ამის მიუხედავად, ეკონომიკური შემოსავალი, რომელსაც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ქმნის, არის ძალიან მცირე, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომელსაც პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ.
მისი თქმით, მან ბოლო წლების მაჩვენებლებს გადახედა და შედეგები შთამბეჭდავია, მათ შორის 2017 წელს ეკონომიკური ზრდა იყო 5 პროცენტი, 2018-ში კი, ეს მაჩვენებელი 7.5 პროცენტია, რაც ძალიან კარგი ციფრია. ამასთან, საგრძნობლად გაზრდილია დასაქმება, რეკორდულია ციფრები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების კუთხით. საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით კი, საქართველო მიიჩნევა, როგორც ერთ-ერთი მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა. გაუმჯობესებულია მაჩვენებლები სხვა ტიპის რეიტინგებშიც, მაგალითად, გაზრდილია საკრედიტო რეიტინგი და სხვა.
„მე მეამაყება, ის ვითარება, რომელიც დღეს არის. ნაწილობრივ, ეს არის გარე ფაქტორების შედეგი და ამავდროულად, ძალიან დიდი წვლილია იმის, რაც მთავრობამ და სახელმწიფომ გააკეთა“, – განაცხადა ქობულიამ და მაგალითად, საშემოსავლო გადასახადის რეფორმა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, ინფრასტრუქტურის განვითარების დაჩქარება, ბიზნესის ხელშეწყობასთან დაკაშირებული ინიციატივები დაასახელა.
მისივე თქმით, მიუხედავად მსგავსი პროგრესისა, საქართველო დღეს მსოფლიო ბანკის შეფასებით, ღარიბ ქვეყნებს შორის რჩება.
„ეს აიხსნება იმით, რომ კარგი ზრდის მიუხედავად, ეკონომიკური შემოსავალი, რომელსაც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ქმნის, არის ძალიან მცირე – ჩვენ 2-ჯერ და 3-ჯერ კი არა, 10-ჯერ ჩამოვუვარდებით მოწინავე ქვეყნებს“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
მისი თქმით, შესაძლოა, მოქალაქეები დასაქმებული არიან, მაგალითად, კვების ობიექტებში, საცხობში, საწარმოში, თუმცა, ერთ სულ მოსახლეზე გამომუშავებული პროდუქტი 10-ჯერ ნაკლებია მოწინავე ქვეყნების მაჩვენებელზე.
„რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, რომ ხალხმა კარგად იცხოვროს. მეორე, რასაც ჩვენ ვხედავთ, პრინციპში, სიღარიბის დონე არ მცირდება. ეს დაკავშირებულია, მესამე გზავნილთან, რომელიც უნდა აღვნიშნო – შემოსავლების განაწილებისა და მოსახლეობის ფართო ფენების ეკონომიკურ საქმიანობაში ჩაურთველობის შედეგი“, – განაცხადა ქობულიამ.
მისი შეფასებით, ქვეყანაში არის ძალიან დიდი უმუშევრობა და ძალიან ბევრი ხალხია დასაქმებული დაბალი პროდუქტიულობის სექტორებში, მაგალითად, სოფლის მოსახლეობა.