გიორგი ქობულია - საქართველოს ეკონომიკური ზრდის ფილოსოფია ემყარება არამარტო ეკონომიკის ზრდას, არამედ შემოსავლების თანაბარ განაწილებას
ჩვენი თვითმიზანია, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა ავამაღლოთ, – ამის შესახებ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ფილოსოფია ემყარება არამარტო ეკონომიკის ზრდას, არამედ შემოსავლების თანაბარ განაწილებას.
„თვითონ ეკონომიკის ზრდა არ არის ჩვენი თვითმიზანი. ჩვენი თვითმიზანი არის, რომ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა ავამაღლოთ. თუ მივაღწევთ ეკონომიკის ზრდას მარტო იმით, რომ შემოვიყვანთ დიდ ინვესტორს, რომელიც ააშენებს ძალიან დიდ ქარხანას, ამით გაიზრდება ეკონომიკა, თუმცა, ძირითადი მოსახლეობის კეთილდღეობა არ გაიზრდება, რადგან ხალხი, რომელიც დღესდღეობით არის რეგიონებში, ისევ დაუსაქმებელი დარჩება და სიღარიბის დონე არ შემცირდება. ამიტომ ჩვენ ვიყენებთ ტერმინს – ინკლუზიურობა, სადაც გვინდა, გავზარდოთ ეკონომიკა და ერთდროულად გავანაწილოთ შემოსავლები მოსახლეობას შორის“, – განაცხადა ქობულიამ.
მისი განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ გამოიმუშავებს ერთი ადამიანი და მეორეს გაუნაწილდება, არამედ, მისი თქმით, უნდა დასაქმდეს, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე, რომელიც სახსრებს თავად გამოიმუშავებს.
„ვფიქრობთ, ამით გაიზრდება მოქალაქეთა კეთილდღეობა, რაც არის არამარტო შემოსავალი, არამედ დასაქმება, ადამიანი უნდა იყოს დასაქმებული და ჰქონდეს შემოსავალი, ასე ამაღლდება მისი კეთილდღეობა“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
ეკონომიკური პროფილის მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტში აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ.