გიორგი ქობულია - ჩვენ ვგეგმავთ ტექნოლოგიებზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას
აგრარულ და მომიჯნავე სექტორებში სერიოზული ინვესტიციების მოზიდვას, ასევე, საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერისთვის სერიოზულ ღონისძიებებს ვგეგმავთ, – ამის შესახებ გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომელიც დღე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა.
ამასთან, მისი თქმით, საქართველოში დაგეგმილია ტექნოლოგიებზე დამყარებული ეკონომიკის განვითარება და ამ მიმართულებით ინვესტორების მოზიდვა.
„ჩვენ ვგეგმავთ ტექნოლოგიებზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას. აქაც ვგეგმავთ ინვესტორების მოზიდვას საქართველოში. რა თქმა უნდა, პროგრამების განხორციელება, რომელიც რაიონების განვითარებას, მაღალ ტექნოლოგიებს თუ ინდუსტრიალიზაციას უკავშირდება, ჩვენგან განათლებაში სერიოზულ ინვესტირებას და ხალხის უნარ-ჩვევების განვითარებას მოითხოვს“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
ამასთან, მისი შეფასებით, აუცილებლად უნდა დაეთმოს ყურადღება აღსრულების დისციპლინის გამყარებას, რაც იმას ნიშნავს, რომ დაგეგმილი ღონისძიების შესრულების უზრუნველსაყოფად სერიოზული ინსტრუმენტები დაინერგება.
რაც შეეხება მის წარსულ საქმიანობას, ქობულიას განცხადებით, ის ერთ-ერთ მოწინავე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაში მუშაობდა.
„მე ბოლო 18 წლის განმავლობაში, ვმოღვაწეობდი საერთაშორისო ერთ-ერთ მოწინავე საკონსულტაციო კომპანიაში, რომელიც უწევს მომსახურებას მოწინავე კომპანიებს მსოფლიოში. პირადად ვუწევდი კონსულტირებას მსოფლიოს საერთაშორისო ლიდერ კომპანიებს ურთულესი პრობლემების გადაჭრაში, რომლებიც ეხებოდა მათ, როგორც მართვის პრობლემებს, ასევე სტრატეგიას, საოპერაციო და ძალიან დეტალური საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას. მიმაჩნია, რომ გამოცდილება, რომელიც შევიძინე 18 წლის განმავლობაში, შესაძლოა, ძალიან გამოადგეს საქართველოს და მზად ვარ, ეს გამოცდილება მოვიტანო ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.
გიორგი ქობულია მთავრობის განახლებული შემადგენლობის ერთ-ერთი ახალი სახეა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს წარადგინა. ამასთან, ახალი ხელმძღვანელები ეყოლება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და ფინანსთა სამინისტროებს – მიხეილ ბატიაშვილი და ივანე მაჭავარიანი.