გიორგი ქობულია - ახალი პროექტი დაგვეხმარება, სატრანზიტო ტვირთების ბრუნვა გავზარდოთ
ფოთის პორტთან დაკავშირებული ახალი პროექტი სატრანზიტო ტვირთების ბრუნვის გაზრდაში დაგვეხმარება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომელიც „პეის ჯგუფსა“ და აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციას (OPIC) შორის პეის ტერმინალის დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო.
ამასთან, მისი თქმით, უნდა გაიზარდოს სატრანზიტო დერეფნების კონკურენტუნარიანობა, რაც მხოლოდ პორტებს არ გულისხმობს.
„ახალი პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დაგვეხმარება, კიდევ უფრო გავზარდოთ სატრანზიტო ტვირთების ბრუნვა მშრალ ტვირთზე, კერძოდ სასუქებზე, რომელიც ცენტრალური აზიიდან მოდის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დერეფანი ამ სასუქების ექსპორტისთვის. რაც შეეხება კონკურენციას, საქართველოში გვაქვს პოტენციალი, გავხდეთ ბევრად უფრო დიდი სატრანზიტო ტვირთების გამტარებელი ქვეყანა. ჩვენი აზრით, ამ პორტისთვისაც და ანაკლიისთვისაც ტვირთები საკმარისი იქნება. მთავარია, გავზარდოთ ჩვენი დერეფნების კონკურენტუნარიანობა, რაც არ არის მარტო პორტებზე დამოკიდებული. ეს არის კომპლექსური ამოცანა, რაზეც ახლა ვმუშაობთ და რაც მოიცავს პორტებსაც, რკინიგზასაც და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობასაც, რადგან ჩვენ ამ ტვირთებს არ გადავზიდავთ მხოლოდ საქართველოში. მნიშვნელოვანია, სხვა ქვეყნების კიდევ უფრო კარგად ჩართვა ამ პროცესში“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.
„პეის ჯგუფსა“ და აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციას (OPIC) შორის პეის ტერმინალის დაფინანსების ხელშეკრულება დღეს გაფორმდა, რომელიც ფოთში ახალი საზღვაო ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს. ხელშეკრულების თანახმად, „პეის ჯგუფს“, საზღვაო ტერმინალის პროექტის ფარგლებში, აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა.