საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ფარგლებში, ფოთის პორტში 3 030 ტონა ხორბლით დატვირთული გემი შემოვიდა
საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ფარგლებში, ფოთის პორტში 3 030 ტონა ხორბლით დატვირთული გემი შემოვიდა

საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ფარგლებში, ფოთის პორტში 3 030 ტონა ხორბლით დატვირთული გემი შემოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყება ხაზს უსვამს, რომ გლობალური კრიზისისა და COVID-19 პანდემიის პირობებში, საქართველო, როგორც ამიერკავკასიის ძირითადი სატრანზიტო რეგიონი, საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებს სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით შეუფერხებლად ახორციელებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელგუჯა ბერანძე გემს ნავსადგურში დახვდა და საბაჟო კონტროლის პროცედურებს ადგილზე გაეცნო.

სამსახური განმარტავს, რომ ნავსადგურში შესვლისას შემოსავლების სამსახურის ექიმ ეპიდემიოლოგს თავდაპირველად წარედგინება დოკუმენტაცია გემის სანიტარიული მდგომარეობის შესახებ და მხოლოდ წარმატებით დასრულებული კონტროლის შემდეგ, ხდება ხორბლის შესაბამისი ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლი, რაც ნიმუშის ადგილზე აღებას და მასალის სპეციალურ ლაბორატორიაში დათვალიერებას გულისხმობს. მარცვლეულის ხარისხის კონტროლის დასრულების შემდგომ, თუ ის აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ხორბალი გემიდან გადატვირთება, სატვირთო სატრანასპორტო საშუალებებში განაწილება, აიწონება და იმპორტიორის საწყობში განთავსება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პორტებში შემომსვლელი გემებისთვის კონტროლის პროცედურები გამკაცრებულია.  კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ, საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები და მათ შემოსავლების სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ  უტარდებათ მიზნობრივი ტესტირება, როგორც ანტიგენზე, ასევე ანტისხეულებზე.