გიორგი პერტაია - საქართველო აი-ტი-სექტორში ბიზნესკომპანიებს „აუთსორსინგისთვის“ ერთ-ერთ საუკეთესო პირობებს სთავაზობს
საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ მონაწილეობა მიიღო ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ვაჭრობის ხელშეწყობის ორგანიზაცია Advantage Austria -ს მიერ ორგანიზებულ ონლაინსავაჭრო მისიაში, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩართულობით გაიმართა.
გიორგი პერტაიამ სავაჭრო ხაზის საინვესტიციო მისიის მონაწილეებს გააცნო მთავრობის ახალი საინვესტიციო პროგრამა, ხაზი გაუსვა საერთაშორისო კომპანიების სტატუსის მქონე პირებთან დაკავშირებული საგადასახადო შეღავათების მნიშვნელობას ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში და აღნიშნა, რომ საქართველო საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში ბიზნესკომპანიებს „აუთსორსინგისთვის“ ერთ-ერთ საუკეთესო პირობებს სთავაზობს.
პალატის პრეზიდენტმა შეაფასა საქართველოს საინვესტიციო გარემო და აღნიშნა, რომ რეგიონში საქართველო არის ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა ინვესტორებისთვის, არსებული საგადასახადო პოლიტიკისა და საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით. გიორგი პერტაიამ მიმოიხილა პრიორიტეტული სექტორებიც, რომლებსაც აქვთ განვითარების პერსპექტივა, მათ შორის ისაუბრა კენკროვან კულტურებზე, სტუმარ-მასპინძლობის სექტორსა და ბიზნესპროცესების „აუთსორსინგის“ შესაძლებლობებზე.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ თურქეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ვაჭრობის კომისარი, ჯორჯ კარაბაჯეკა, ავსტრიის ელჩი საქართველოში, თომას მულმანი და AUSSENWIRTSCHAFT AUSTRIA-ს რეგიონული მენეჯერი, გრეგორ პოსტლი.
ვირტუალური სავაჭრო ხაზის საინვესტიციო მისია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილებდნენ ქართული, აზერბაიჯანული და ავსტრიული კომპანიები. ღონისძიების ფარგლებში, კომპანიებს შორის შედგა ორმხრივი ბიზნესშეხვედრები. ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ დაემყარებინათ საქმიანი კავშირები, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს საქართველოსა და ავსტრიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.