გიორგი პერტაია - ინვესტორები გადაწყვეტილებას კვალიფიციურ კადრებზე ხელმისაწვდომობის საფუძველზე იღებენ
გიორგი პერტაია - ინვესტორები გადაწყვეტილებას კვალიფიციურ კადრებზე ხელმისაწვდომობის საფუძველზე იღებენ

სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა პროფესიული განათლების კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს პროფესიული განათლების გამოწვევები „კოვიდ-19“-ის ფონზე, განათლებისა და დასაქმების კუთხით არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო ტენდენციები.

შეხვედრისას გიორგი პერტაიამ ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელობაზე ქვეყანაში და ამ პროცესებში სავაჭრო პალატის აქტიურ ჩართულობაზე.

,,ინვესტორები ქვეყანაში ინვესტირების გადაწყვეტილებას იღებენ რამდენიმე ძირითად ფაქტორზე დაყრდნობით, კერძოდ, ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის, გადასახადების და ასევე, კვალიფიციურ მუშახელზე ხელმისაწვდომობის კუთხით. დღეს, ბიზნეს და განათლების სისტემას შორის მოთხოვნა-მიწოდება აცდენილია. ჩვენი მიზანია, რომ მოთხოვნა-მიწოდების თანხვედრა მოხდეს შრომის ბაზარზე. ამ პროცესში კი, სავაჭრო პალატამ გარკვეული როლი უნდა შეასრულოს. პროფესიული განათლების ხელშეწყობა პალატის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით როგორც განათლების სამინისტროსთან, ასევე საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და დავიწყებთ სხვადასხვა პროექტის განხორციელებას, მათ შორის იგეგმება უნარების სააგენტოს დაფუძვნება, რომელიც იქნება წამყვანი სააგენტო პროფესიული განათლების კუთხით“, – განაცხადა გიორგი პერტაიამ.

პროფესიული განათლების კვირეული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა Skills4Jobs-ის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა. კვირეულში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.