გიორგი პერტაია - კვალიფიციური მუშახელი ძლიერი ბიზნესის, საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ინვესტიციების მოზიდვის გარანტია
სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ ევროპის ბიზნესდღეებში, რომელიც გერმანიის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში ჩატარდა.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესები და იმ გამოწვევებზე იმსჯელეს, რომლებიც არსებობს ქართული კომპანიებისთვის ევროკავშირის ბაზარზე.
,,როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, იყო მოლოდინი, რომ შემდეგი წლიდან იქნებოდა ექსპორტის მკვეთრი ზრდა. თუმცა, ეს ასე არ არის და ვერც იქნებოდა. ექსპორტიორებისთვის არატრადიციულ ბაზარზე თავის დამკვიდრებას გაცილებით დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. ეს ძალისხმევა კი, მიმართული უნდა იყოს კომპანიების საექსპორტო პოტენციალის გაზრდის, ცოდნის გაზიარების, საჭირო კავშირების დამყარებისა და ლოგისტიკური, საბაჟო პროცედურების გაცნობის კუთხით.
გარდა ამ ნაბიჯებისა, მნიშვნელოვანია, პარალელურად გაიზარდოს ქართული პროდუქციის შესახებ ცნობადობა ევროკავშირის მასშტაბით და განსაკუთრებით, არატრადიციული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, რომელიც იწარმოება საქართველოში. ასეთი პროდუქტებისა და სერვისების წარმოების შესაძლებლობა არსებობს ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის, კრეატიული ინდუსტრიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორებში, რომლებიც ამავე დროს ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორებია“, – განაცხადა შეხვედრისას სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა.
გიორგი პერტაიას თქმით, კვალიფიციური მუშახელი არის ძლიერი ბიზნესის, საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ინვესტიციების მოზიდვის გარანტი.
,,ამ პროცესებში კი საქართველოს სავაჭრო პალატაც აქტიურად მონაწილეობს. მიმდინარე წელს, პალატა გახდა ევროკავშირის პროექტის -„ევროკავშირი ბიზნესისთვის“ გამარჯვებული, რაც დამატებით შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს, თავი დაიმკვიდრონ ევროკავშირის ბაზარზე და განავითარონ საკუთარი ბიზნესი“, – აღნიშნა პერტაიამ.