გიორგი მშვენიერაძე - მნიშვნელოვანია, თავად მოსამართლეებს მიეცეთ სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის უფლებამოსილება
უნდა გაძლიერდეს დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, ასევე გაიზარდოს მისი ფუნქციები, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრმა, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით ბორჯომში მიმდინარე შეხვედრაზე მისმა ორგანიზაციამ ხუთი საკითხი წარადგინა.
„გუშინ მოგვიწია მსჯელობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, დისციპლინურ სამართალწარმოებაზე. ჩვენი აზრით, უნდა გაძლიერდეს დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, ასევე გაიზარდოს მისი ფუნქციები. იმედი გვაქვს, დღეს განვიხილავთ სხვა მნიშვნელოვან თემებსაც“, – აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.
მისი თქმით, ერთ-ერთი განსახილველი საკითხი სასამართლოში თავმჯდომარეების არჩევას ეხება.
„დღეს რაიონულ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში თავმჯდომარეებს რეალურად უნიშნავთ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და ისინი უფრო დირექტორებს გვანან, ვიდრე თავმჯდომარეებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, თავად მოსამართლეებს მიეცეთ თავმჯდომარის არჩევის უფლებამოსილება. ასევე, მნიშვნელოვანია, კანონში უფრო მკაფიოდ გაიწეროს საბჭოს უფლებამოსილებები“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით, ხელისუფლების სამივე შტოს, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას მართავს.
სამუშაო ჯგუფი რეფორმის მეოთხე ფაზის ოთხ ძირითად საკითხზე მსჯელობს, რომლებიც სასამართლოს გადატვირთულობას, დისციპლინურ წარმოებას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უკავშირდება.