გიორგი მიქაუტაძე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევა მთლიანად დაფუძნებულია ცრუ ინფორმაციაზე
გიორგი მიქაუტაძე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევა მთლიანად დაფუძნებულია ცრუ ინფორმაციაზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევა არ არის კრიტიკა, ეს არის ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით მცდელობა, რომ რაღაც ჩირქი მოეცხოს სასამართლო სისტემას, – ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევას, რომელიც სასამართლო სისტემაში კორუფციულ რისკებს ეხება.

საბჭოს მდივნის განმარტებით, კვლევის ავტორი სასამართლო სისტემაში კორუფციული გარიგებების რისკებზე დასკვნებს ექვსი ანონიმურ რესპონდენტზე დაყრდნობით აკეთებს. მისივე თქმით, არსებობდა მოლოდინი, რომ კვლევის პრეზენტაცია საბჭოს წევრებთან ერთად შედგებოდა, თუმცა მათთვის უცნობი მიზეზის გამო, შეხვედრა არ შედგა.

„უკვე წლებია, გვესმის ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით რაღაც ბრალდებები, რომ სასამართლო სისტემაში არის კორუფცია. კვლევის ავტორების ძალიან დიდი პატივისცემის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ კვლევა მთლიანად დაფუძნებულია ცრუ ინფორმაციაზე. ჩვენ ველოდებოდით, რომ ამ კვლევის პრეზენტაცია გაიმართებოდა შეხვედრის ფორმატში, რისთვისაც მზად ვიყავით. ასევე ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლადაც მზად ვიყავით, თუმცა სამწუხაროდ, ასე ცალმხრივად გადაწყდა ამ კვლევის გაშუქება. ეს არ არის კრიტიკა ეს არის ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით მცდელობა, რომ რაღაც ჩირქი მოეცხოს სასამართლო სისტემას და არასწორი ფაქტების გადმოცემით შეიქმნას იმის ილუზია, თითქოს სასამართლო სისტემაში არის კორუფცია. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ გულისხმობენ ქრთამის აღებას, ამის არც ერთი ფაქტი არ არსებობს. სასამართლო სისტემაში საუბარი არის გავლენებზე, რომელიც შეფასებულია შვიდი პირის გამოკითხვით, რომელთაგან ერთი არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო დანარჩენი ექვსის ვინაობა უცნობია. ესენი არიან კონფიდენციალური პირები და ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, შევაფასოთ მათ მიერ გადმოცემული მოსაზრებების ნამდვილობა. ამასთან, ძალიან საყურადღებოა, რომ საანგარიშო პერიოდში სასამართლოში არის განხილული ასობით ათასი საქმე და შვიდი პირის გამოკითხვით ხდება შეჯამება იმ ყველაფრის, იმ შედეგების, რაც სასამართლო სისტემაში არსებობს“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებზე კვლევა დღეს წარადგინა, რომელშიც სასამართლო სისტემაში კორუფციის სავარაუდო შემთხვევების ხელშემწყობ ძირითად ფაქტორებზეცაა საუბარი.