გიორგი მღებრიშვილი - სოფელ საკირეში ხანძრის ბუნებრივი გზით გაჩენას ყველანაირად გამოვრიცხავ
გიორგი მღებრიშვილი - სოფელ საკირეში ხანძრის ბუნებრივი გზით გაჩენას ყველანაირად გამოვრიცხავ

ყველანაირად გამოვრიცხავ ბუნებრივ ფაქტორს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში, ტყეში ცეცხლის ბუნებრივი გზით გაჩენა ახლა წარმოუდგენელია. მიზანმიმართული იყო ეს, თუ დაუდევარი მოქმედება, ამას გამოძიება დაადგენს, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, დაახლოებით ორ ჰექტრამდე ტერიტორიაზე ათი სხვადასხვა კერა გაჩნდა.

„მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული რელიეფია და ძნელად მისადგომი ადგილია, თავდაუზოგავად იმუშავეს მეხანძრე-მაშველებმა. ამ ეტაპისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო დაახლოებით 50-მდე მეხანძრე. ასევე დატებითი ძალები გამოვიძახეთ თბილისიდან და მათ 70 მეხანძრე-მაშველი შეემატათ. ჩვენი სამსახურიდან ჩაერთვებიან სპეციალისტები, რომლებიც ორი დღის განმავლობაში დრონებით აწარმოებენ მონიტორინგს. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ადამიანური ფაქტორი. ყველანაირად გამოვრიცხავ ბუნებრივ ფაქტორს. ტყეში ცეცხლის ბუნებრივი გზით გაჩენა ახლა წარმოუდგენელია. მიზანმიმართული იყო ეს, თუ დაუდევარი მოქმედება, ამას გამოძიება დაადგენს“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

სოფელ საკირეში, ტყეში ხანძარი 30 აპრილს, საღამოს გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, დასახლებულ პუნქტამდე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მისივე თქმით, ხანძრის კერა რთულ რელიეფზეა, თუმცა ადგილზე ცოცხალი ძალა მუშაობს. ცეცხლი ხმელი ხის ტოტებსა და ბალახს უკიდია. სოფელ საკირეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში გვიან ღამით თბილისიდან ჩასული მეხანძრე-მაშველებიც ჩაერთვნენ.