გიორგი მელაშვილი - ​კრიპტოვალუტა საქართველოში გადახდის კანონიერ საშუალებას არ წარმოადგენს
გიორგი მელაშვილი - ​კრიპტოვალუტა საქართველოში გადახდის კანონიერ საშუალებას არ წარმოადგენს

კრიპტოვალუტა საქართველოში გადახდის კანონიერ საშუალებას არ წარმოადგენს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მელაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ეს ასე მხოლოდ საქართველოში არ არის. კრიპტოვალუტების რეგულირების კუთხით, ერთგვაროვანი დამოკიდებულება მთელ მსოფლიოში მეტწილად არ არის ჩამოყალიბებული. კრიპტოვალუტები ჩვენი კანონმდებლობით არ რეგულირდება და ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროს არ წარმოადგენს“, – განაცხადა მელაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა რისკებს ხედავს ეროვნული ბანკი კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით, გიორგი მელაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს არსებულ კრიპტოვალუტებს ფასების მერყეობა ახასიათებს, რაზეც გავლენას, დიდი ალბათობით, სპეკულაციური მოლოდინები ახდენს.

„ფასების მერყეობის პირობებში, მომხმარებლებმა შესაძლოა, პოტენციურად ფინანსური ზარალი მიიღონ. ასევე, რისკები უკავშირდება დავების პროცესს, რადგან არ არსებობს მარეგულირებელი ორგანო, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, კრიპტოვალუტებით ოპერაციები გაცვლითი სავაჭრო პლატფორმებითა და ციფრული საფულეებით ხორციელდება, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებშია რეგისტრირებული და რიგ შემთხვევეში, მათი სამართლებრივი სტატუსი გაურკვეველია. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გაცვლითი სავაჭრო პლატფორმები და ციფრული საფულეები კიბერშეტევის პოტენციური სამიზნეებია“, – განაცხადა მელაშვილმა.

ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა მოქალაქეებს მოუწოდა, კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილება არ მიიღონ.