გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა.
სწორედ მის კანდიდატურას წარუდგენს პრეზიდენტი აჭარის უმაღლეს საბჭოს.
თორნიკე რიჟვაძე აღნიშნულ თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატია. ოპოზიცია კი, ერთიან კანდიდატზე შეთანხმდა და არმაზ ახვლედიანი წარადგინა. პრეზიდენტმა არჩევანი სწორედ ორ კანდიდატს შორის გააკეთა.
გიორგი მარგველაშვილმა გასული კვირის ბოლოს აჭარაში პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებიც გამართა.
„გავიაზრეთ ორივე კანდიდატურისა და მათი წარმდგენი ძალების პოზიცია. თორნიკე რიჟვაძის წარდგენას აქვს თავისი ლოგიკა, რადგან მისი წარმომდგენი არის პარტია, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობას ფლობს, მე ავარჩიე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
თორნიკე რიჟვაძე „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი იყო. მანამდე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობასაც იკავებდა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე უმაღლესმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით უნდა დაამტკიცოს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა.