გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს მხარდაჭერის აქტი ისტორიული ნაბიჯი იქნება, რომელიც საკანონმდებლო დონეზე გაამყარებს აშშ-სთან საქართველოს განსაკუთრებული მოკავშირის სტატუსს
გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს მხარდაჭერის აქტი ისტორიული ნაბიჯი იქნება, რომელიც საკანონმდებლო დონეზე გაამყარებს აშშ-სთან საქართველოს განსაკუთრებული მოკავშირის სტატუსს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში კვლევით ცენტრ Heritage Foundation-ს ესტუმრა და ცენტრის წარმომადგენლების წინაშე აშშ-ში ვიზიტისას წამოჭრილი საკითხებისა და საქართველოს მხარდამჭერი აქტის შესახებ ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მხარდამჭერი აქტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მოხდეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გრძელვადიანი სტრატეგიის განსაზღვრა, რაც მოახდენს ყველა დღეს არსებული და პრაქტიკული ინსტრუმენტის კონსოლიდაციას და გააძლიერებს საქართველოს დაცულობას, დაეხმარება მას მიზნების მიღწევაში.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს მხარდაჭერის აქტი ისტორიული ნაბიჯი იქნება საქართველოსთვის, რომელიც საკანონმდებლო დონეზე გაამყარებს აშშ-თან საქართველოს განსაკუთრებული მოკავშირის სტატუსს.

გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის მხრიდან საქართველოს რამდენიმეეტაპიან საოკუპაციო პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოს რეგიონების ოკუპაციას სხვადასხვა წლებში ახორციელებდა და ეს 2008 წელს არ დაწყებულა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ შეარჩია ქვეყნის განვითარების დასავლური მიმართულება, გზა, რომელიც ჩვენი ქართული იდენტობის ნაწილია და რომელიც ევროკავშირსა და ნატო-ში შესვლით უნდა დასრულდეს.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო დღესაც იმკის რუსული ოკუპაციის შედეგებს, რომელიც რუსეთმა საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელი სახელმწიფოებად გამოცხადებით განაგრძო.

გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიისა, რომელიც დღესაც გრძელდება მცოცავი ოკუპაციით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, სახელმწიფოს განვითარება ნატო-სა და ევროკავშირისაკენ.

პრეზიდენტი კვლევით ცენტრში გამოსვლისას რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესსაც შეეხო და აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებას ახალი რიტორიკა აქვს, რომელიც ძალიან გავს ახალი, ცივი ომის დასაწყისს. რუსეთი პრივილეგირებული ინტერესთა სფეროს პოლიტიკიდან ახალი ცივი ომის პოლიტიკაში გადავიდა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დღეს, ქვეყნის
უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკური სპექტრი ერთიანია, რადგან ისინი ხედავენ, რომ რუსეთი ყოველთვის იმას აკეთებს, რა რიტორიკითაც საუბრობს.

მისი განცხადებით, თუ ნატო რუსეთის ჩაკეტვას არ შეეწინააღმდეგება იმ პროდასავლური სახელმწიფოებისათვის კარის გაღებით, რომლებიც ალიანსში გაერთიანებისაკენ მიისწრაფვიან, მაშინ დავაზიანებთ საერთო კეთილდღეობას დაიხურება იმ სასიცოცხლო შესაძლებლობების დერეფანი, რომელიც ევროპისა და აზიის თანამშრომლობისათვის ასეთი მნიშვნელოვანია.

გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონში მას არ უწევს ხელისუფლების წარმომადგენლების დარწმუნება საქართველოს საჭიროებებთან და მისწრაფებებთან დაკავშირებით, რადგან საქართველოს აშშ-სთან საერთო ღირებულებები, გეგმები და მიზნები აკავშირებს.

საქართველოს დელეგაციას კვლევით ცენტრში Heritage Foundation-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა კიმ ჰოლმსმა და ფონდის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა ლუკ კოფმა უმასპინძლა, რომელიც შეხვედრის მოდერაციასაც ახორციელებდა.