გიორგი მარგველაშვილი - რუსეთისთვის პრემიერის მიმართვის შესახებ ბრიუსელში მედიიდან შევიტყვე, ამიტომ მის განმმარტებლად ვერ გამოვდგები
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მან რუსეთის ხელისუფლებისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ღია მიმართვის შესახებ, ბრიუსელში ყოფნისას, მედიიდან შეიტყო.
„მე ამ განცხადების შესახებ გავიგე მედიიდან, მაშინ როცა ბრიუსელში შეხვედრებს ვმართავდი, ამიტომ ამ განცხადების განმმარტებლად ვერ გამოგადგებით” – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
„ამერიკის ხმის“ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ გაკეთდა ახლა ეს მიმართვა და რას მიცემს ეს საქართველოს, მარგველაშვილი პასუხობს, რომ ის ბრიუსელთან და შტატებთან ურთიერთობების გაღრმავების იდეით გამოდის.
„მე გამოვდივარ ბრიუსელში სტრატეგიული მოლაპარაკებების უფრო მაღალ დონეზე წამოწევის იდეით, ასევე, საქართველო-ამერიკის მხარდაჭერის აქტის შემუშავების იდეით. რაც შეეხება რუსეთს, მე მიმაჩნია რომ რუსეთთან საუბარი არის ამ კონტექსტის ნაწილი, ჩვენ მათ უნდა ვესაუბროთ პარტნიორების დახმარებით. შეხედეთ დღეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რაზე საუბრობს, მკვლელობებზე საუბრობს, ჩვენც ხომ ამავე ტკივილით ჩამოვედით ევროპაში და შტატებში, ჩვენი თანამოქალაქე, რომელმაც იმსახურა საერთაშორისო მისიაში და დაბრუნდა ქვეყანაში, ის მოკლეს და მისი ცხედრის გადმოცემის პრობლემაა. ეს არის ის ფონი, რომელიც სხვადასხვა ფორმით მეორდება ცხინვალშიც და ლონდონშიც. ჩვენ კონსოლიდირება უნდა მოვახდინოთ და ყველა ერთად დავდგეთ.
ახლა არის დრო, ყველამ მხარი დაგვიჭიროს, ახლა არის მომენტი, რადგან ყველამ იცის, რომ მკვლელობა მკვლელობაა, ეს იქნება ცხინვალში თუ ლონდონში“, – აცხადებს „ამერიკის ხმასთან“ საუბარში გიორგი მარგველაშვილი.