გიორგი მარგველაშვილი - ჯონ მაკკეინი საქართველოს ეროვნული გმირია და მის ღვაწლს ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ჯონ მაკკეინი საქართველოს ეროვნული გმირია და მის ღვაწლს ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს.
„ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ გულწრფელ სამძიმარს სენატორი ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო.
ქართველმა ხალხმა დაკარგა დიდი მეგობარი, რომელიც ყოველთვის გვერდში ედგა ჩვენს ქვეყანას. ჯონ მაკკეინი სიცოცხლეშივე იქცა პატრიოტიზმის, სიმართლისათვის ბრძოლის, ღირებულებებისთვის თავგანწირვისა და შემართების სიმბოლოდ, რომელიც საკუთარი შეუპოვრობით სამაგალითო იყო მთელი მსოფლიოსათვის.
მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე განუზომელია, ფასდაუდებელია მისი თანადგომა ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე რთულ და მძიმე დღეებში.
მისი თაოსნობითა და უშუალო მონაწილეობით განხორცილდა არაერთი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ქართული სახელმწიფოს გაძლიერებასა და განმტკიცებას.
ჯონ მაკკეინი საქართველოს ეროვნული გმირია და მის ღვაწლს ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და მთელ ამერიკელ ხალხს. ჯონ მაკკეინის სახელი სამარადისოდ დარჩება კაცობრიობის ისტორიაში“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. 24 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკკეინმა, რომელიც თავის ტვინის სიმსივნეს ებრძოდა, სპეციალურ მკურნალობაზე უარი განაცხადა. ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი გასული წლის ზაფხულში დაუსვეს.