ამერიკელი პოლიტიკოსები სენატორ მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ
ამერიკელი პოლიტიკოსები სენატორ მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

ამერიკელი პოლიტიკოსები სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.

მაკკეინის ოჯახს მიუსამძიმრა ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

„ჩვენი გულები და ლოცვა თქვენთანაა“, – მიმართა მათ აშშ-ის პრეზიდენტმა.

სამძიმარი გამოთქვა აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმაც.

„ჩვენი ფიქრები, ლოცვა, თანაგრძნობა მაკკეინის ოჯახს. მადლობა, სენატორო მაკკეინ ერის სამსახურისთვის“, – წერს მელანია ტრამპი „ტვიტერში“.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ასევე „ტვიტერში“ წერს, რომ მეუღლესთან, ქერენთან ერთად უსამძიმრებს რესპუბლიკელი სენატორის ოჯახს და პატივს მიაგებს მის სიცოცხლეს, რომლის განმავლობაშიც ის თავის ხალხს ემსახურებოდა.

„დავკარგეთ ადამიანი, რომელიც თავის თავში გამოხატავდა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო იდეალებს“, – ამის შესახებ კი აშშ-ის თავდაცვის მდივნის ჯეიმს მეტისის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც პენტაგონის საიტზე გავრცელდა. მეტისი აცხადებს, რომ მაკკეინი ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებდა საკუთარი ქვეყნის სამსახურს.

„მე და სიუზანი ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ და ვლოცულობთ სენატორ ჯონ მაკკეინის, ამერიკის პატრიოტის ოჯახისთვის“, – წერს ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ასევე „ტვიტერში“ აქვეყნებს სამძიმრის წერილს.

„ჩვენი განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ვიზიარებდით იმ უმაღლესი იდეალის ერთგულებას, რომლისთვისა ვიბრძოდით“, – წერს ობამა და აღნიშნავს, რომ 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე მასთან ბრძოლა ღირსეული იყო.

აშშ-ის კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსი მწუხარებას გამოთქვამს ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო და წერს: „ის უმაღლესი დონის პატრიოტი იყო“.

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. 24 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკკეინმა, რომელიც თავის ტვინის სიმსივნეს ებრძოდა, სპეციალურ მკურნალობაზე უარი განაცხადა.

ამერიკული მედიის ცნობით, ჯონ მაკკეინს მერილენდის შტატში, ქალაქ ანაპოლისში დაკრძალავენ. დაკრძალვის ზუსტი თარიღი ჯერ არ სახელდება.