გიორგი მარგველაშვილი - იუნკერების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, 100 წლის შემდეგ დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს მიწაზე ვიხსენებთ მათ ღვაწლს
გიორგი მარგველაშვილი - იუნკერების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, 100 წლის შემდეგ დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს მიწაზე ვიხსენებთ მათ ღვაწლს

იუნკერების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, 100 წლის შემდეგ, ჩვენ დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს მიწაზე ვიხსენებთ მათ ღვაწლს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტაბახმელაში განაცხადა და 1921 წლის 25 თებერვალს, კოჯორ-ტაბახმელასთან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო.

„ყოველ წელს აქ მოვდივართ, რომ პატივი მივაგოთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაცემულ ჩვენს ვაჟკაცებს და აღვნიშნოთ, რომ ეს ის ადამიანები არიან, ვისთვისაც მარტივად ლაგდებოდა ცხოვრება, რომ თავისუფლების გარეშე სიცოცხლეს არ აქვს აზრი. პაპაჩემი დათიკო ტატიშვილი ამ ბრძოლაში დაიღუპა, მის სახელსაც ვიხსენებ აქ რომ მოვდივარ. მნიშვნელოვანია, რომ მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია და 100 წლის შემდეგ ჩვენ დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს მიწაზე ვიხსენებთ მათ ღვაწლს, ეს ნამდვილად მათი გამარჯვება“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

ყოველი წლის 25 თებერვალს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.