სალომე ზურაბიშვილი - 25 თებერვალი არ არის გლოვის დღე, ეს ჩვენი გამარჯვების დღეა, დღეს ვართ დამოუკიდებელი საქართველო, ამას რუსეთმა ვერაფერი უყო და ვერაფერს უზამს
სალომე ზურაბიშვილი - 25 თებერვალი არ არის გლოვის დღე, ეს ჩვენი გამარჯვების დღეა, დღეს ვართ დამოუკიდებელი საქართველო, ამას რუსეთმა ვერაფერი უყო და ვერაფერს უზამს

25 თებერვალი და 9 აპრილი არ არის გლოვის დღე, ყველა ეს თარიღი არის ჩვენი გამარჯვების დღე, რადგან დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი საქართველო, ამას რუსეთმა ვერაფერი უყო და ვერაფერს უზამს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, იუნკრების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, იუნკრებმა სინამდვილეში გაიმარჯვეს და დატოვეს მაგალითი, რომლითაც მომავალი თაობები უნდა აღიზარდონ.

„სიზმრად ვნახე საქართველო, სისხლის ზღვაში ბანაობდა, დაფლეთილი ჩვენი დროშა კოჯრის მთაზე ქანაობდა“, – ამ ლექსით თუ სიმღერით გავიზარდე, როგორც ბევრი სხვა ემიგრანტი და იმ დროს ისე ჩანდა, რომ საქართველო დამარცხდა, იუნკრები დამარცხდნენ, საქართველო დატოვა თავისმა მთავრობამ და რუსეთმა გაიმარჯვა, ასე ჩანდა. ასე ჩანდა 1801 წელს, როცა რუსეთმა გააუქმა საქართველოს ტახტი, მისი დამოუკიდებლობა და სუვერენობა, იმ მოსკოვის ტრაქტატის მიუხედავად. ასე ჩანდა 1993 წელს, როცა სოხუმი დაეცა, ასე ჩანდა 2008 წელს, როცა საქართველოს ტერიტორია იბომბებოდა. ასე შეიძლება ჩანდეს დღეს ჩვენი მეგობარი უკრაინელებისთვის, როცა მათ ტერიტორიებზე შემოდის რუსეთის ჯარი, მაგრამ ეს მხოლოდ ასე ჩანს, რომ ეს არის რუსეთის ერთგვარი გამარჯვება და ჩვენი ქვეყნების ერთგვარი დამარცხება. ასე ჩანს და ასე არ არის. რეალურად, დღეს, როცა პრეზიდენტის სასახლეზე ის დაფლეთილი, ჩვენი კოჯრის მთაზე რომ ქანაობდა, დროშაა აღმართული ჩვენს დღევანდელ დროშასთან ერთად, ეს ნიშნავს, რომ საქართველო და მისი დამოუკიდებლობა ხელშეუხებელია. ასე ჩანდა და ასე არ არის, რადგან ჩვენ ვდგავართ დღეს დამოუკიდებელი საქართველო, დამოუკიდებელი უკრაინის გვერდით. ასე ჩანდა და ასე არ არის. იუნკრებმა სინამდვილეში გაიმარჯვეს, რამეთუ დაგვიტოვეს ეს მაგალითი, რომლითაც ჩვენ უნდა ვზრდიდეთ დღეს ჩვენს ახალგაზრდებს. უნდა ესმოდეთ, რომ რიცხოვნობას არ აქვს მნიშვნელობა, ქვეყნის სიძლიერეს, და დიდი და პატარა ამ შემთხვევაში არაფერს ნიშნავს, თუ შენ იცი რისთვის იბრძვი და რისი გწამს.

ეს დღე რეალურად გლოვის დღე არ არის და არასოდეს არ უნდა იყოს, არც 25 თებერვალი, არც 9 აპრილი, ყველა ეს თარიღი არის ჩვენი გამარჯვების დღე, რამეთუ დღეს ჩვენ ვართ როგორც დამოუკიდებელი საქართველო და ამას რუსეთმა ვერაფერი უყო და ვერაფერს უზამს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, 25 თებერვალი ამავე დროს არის დაფიქრების დღე. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, „ყოველდღიურად ამას უნდა ვაღწევდეთ, რომ ვიყოთ ქვეყანა, რომელიც ღირსი იქნება იმ იუნკრების, რომლებიც კოჯრის მთაზე იბრძოდნენ“.

„დავფიქრდეთ იმის შესახებ, ვაკეთებთ თუ არა ჩვენ ყველაფერს, რაც საჭიროა, რომ ერთ საუკუნეში, ორ საუკუნეში შემდგომმა თაობებმაც თქვან, რომ ჩვენ ვართ გამარჯვებული. ნუთუ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდობას გადავცეთ ის სულისკვეთება, რომელიც ამოძრავებდათ მარო მაყაშვილს, გივი ღამბაშიძეს, მთელ მაყაშვილების ოჯახს და სხვებს, ვინც იქ იბრძოდნენ. თუ ვასწავლით სკოლებში იმას, რას ნიშნავს ქვეყნის სიყვარული. ნუთუ ჩვენ ამ ქვეყანაში სახელმწიფოებრივად გვაქვს ის პერსპექტივა, მომავლის ის ხედვა, რასაც ჰქვია ეროვნული იდეოლოგია და რის გარეშეც ქვეყანა ვერ გაიზრდება. ნუთუ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს ჯარშიც იყოს სულისკვეთება. ჯარს შეიძლება ბევრი იარაღი ჰქონდეს, მაგრამ არ ჰქონდეს ის მთავარი, რაც მას ამოძრავებს. ნუთუ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სახელმწიფო დავაყენოთ ყველაფერზე ზემოთ – პარტიების ზემოთ, პირადი ინტერესების ზემოთ, სიძულვილის ზემოთ და მივხვდეთ, რომ ეროვნული თანხმობის გარეშე ჩვენ ვერ ვიქნებით ხვალ ის, რაც ვართ დღეს და ეს არის ჩვენი ნამდვილი ძალა, და ეს ძალა ყოველდღიურად უნდა გაძლიერდეს. ყოველდღიურად ჩვენ ამას უნდა ვაღწევდეთ, რომ ვიყოთ ქვეყანა, რომელიც ღირსი იქნება იმ იუნკრების, რომლებიც კოჯრის მთაზე იბრძოდნენ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია. ინტერვენციის გამო, 1918 წელს ჩატარებული არჩევნების გზით არჩეული მთავრობა ემიგრაციაში აღმოჩნდა, ქვეყანაში კი, კომუნისტური მმართველობა და 70-წლიანი საბჭოთა რეჟიმი დამყარდა. თითქმის საუკუნის წინანდელი ტრაგიკული მოვლენების ეპიცენტრი კოჯრისა და ტაბახმელას მისადგომები იყო. საბჭოთა ოკუპაციის დღის მთავარი გმირები გვარდიის ჯარისკაცებთან ერთად მაშინდელი სამხედრო სასწავლებლების სტუდენტები – იუნკრები არიან, რომლებმაც წითელ არმიას უთანასწორო ბრძოლაში სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს. შეტაკებების დროს იუნკრების დიდი ნაწილი დაიღუპა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.