გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის მომხსენებელ ანდრეს მამიკინსს შეხვდა
გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის მომხსენებელ ანდრეს მამიკინსს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს თბილიში ვიზიტით მყოფ, ევროპარლამენტის მომხსენებელ ანდრეს მამიკინსს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიღწეული პროგრესი და ის ნაბიჯები განიხილეს, რომელიც ურთიერთობების შემდგომი გააქტიურებისთვის უნდა გადაიდგას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფორმატის მნიშვნელობას, რომელიც პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერის შეხვედრისას იქნა მიღწეული და, რომელიც ევროკავშირთან საქართველოს შემდგომი ინტეგრაციისა და დაახლოების ხელშეწყობის უმაღლესი დონის ფორმატს ეხება. საუბარი შეეხო სექტორული ინტეგრაციის ხელშემწყობ ნაბიჯებსაც.  განიხილეს უსაფრთხოების საკითხები. საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის და რუსეთის პოლიტიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„საქართველოს პრეზიდენტი გმობს, სირიის მიერ ცხინვალის რეგიონის ე.წ. აღიარებას და აცხადებს, რომ მსგავს აღიარებებს არასოდეს ექნება საერთაშორისო სამართლებრივი შედეგი“, – ნათქვამია ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის მომხსენებელთან საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზეც ისაუბრა.

ანდრის მამიკინსის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრისას ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ განვლილი პერიოდი და საქართველოს პროევროპული გზის მომავალი განიხილეს.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.