გიორგი მარგველაშვილი - ჩვენი ერის დღევანდელი ერთობა ნათლად მაჩვენებს, რომ საქართველო გამარჯვების გზაზე დგას
გიორგი მარგველაშვილი - ჩვენი ერის დღევანდელი ერთობა ნათლად მაჩვენებს, რომ საქართველო გამარჯვების გზაზე დგას

დღევანდელი მდგრადობა და ერთობა ჩვენი ერისა, ნათლად მაჩვენებს იმას, რომ საქართველო გამარჯვების გზაზე დგას და ჩვენ მეგობრებთან ერთად ჩვენ ამიერიდან მხოლოდ გამარჯვების გზით ვივლით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილმა თანამემამულეებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის იუბილე მიულოცა.

„გილოცავთ, თქვენ შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებო, გილოცავთ, რადგან ჩვენი წინაპრების დროშა არასდროს დაგიწევიათ და დღესაც ამაყად ემსახურებით სამშობლოს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მისიებში. პატივს მივაგებ თქვენს თანამებრძოლებს, რომლებმაც ჩვენი სამშობლოსთვის თავი გაწირეს. ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს თანამებრძოლებს, რადგან საქართველოს გამთლიანება მათთან ერთად მოხდება და იმიტომ, რომ 1991 წელს, როდესაც ჩვენ თავისუფლებას აღვადგინეთ, ჩვენ ერთად ვიდექით იმ რეფერენდუმში, რომელსაც მთელ მსოფლიოს და ჩვენ ერს ნათლად უთხრა, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. თქვენო უწმინდესობავ, ქართულ ეკლესიას ვულოცავთ თქვენთან ერთად, რადგან საუკუნეების განმავლობაში სწორედ ეკლესიის სიმტკიცე გვაძლევდა ჩვენ და ჩვენს წინაპრებს უნარს, შეგვენარჩუნებინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ვულოცავ უკლებლივ ყველა უმცირესობის წარმომადგენელს, რადგან განსაკუთრებულობა ქართული სახელმწიფოსი სწორედ ჩვენს მრავალფეროვნებაშია და იმის აღიარებაშია, რომ განსხვავებულები ვქმნით ერთ ძლიერ სახელმწიფოს. ვულოცავ დღევანდელ დღეს დიასპორის წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ისინი ჩვენთან ერთად ზეიმობენ, მათი წინაპრების ღვაწლმა მოიტანა ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღემდე და ის პირველი დამოუკიდებლობაც მათმა წინაპრებმა გამოაცხადეს. დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენი კულტურის, სპორტის, მეცნიერების წარმომადგენლებს. მათი გამარჯვებების ჩვენ ამ კვირის განმავლობაში კიდევ ერთხელ ვიზეიმეთ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართველ ოჯახებს მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნის ყველა სირთულე ქართველმა ოჯახებმა თავის თავზე გადაიტანეს, მათ საკუთარი ოჯახიების გაძლიერებით გააძლიერეს სამშობლო.

„დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენს მეგობრებს და მადლობას ვუხდი მათ, რომ ისინი ჩვენთან ერთად დგანან. იმისთვის, რომ ამ რთულ ვითარებაში ისინი ამტკიცებენ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისთვის, ასეთ წარმომადგენლობითი დელეგაციები, რაც დღეს საქართველოშია, აქამდე არ ყოფილა და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იმ გამარჯვებების საწინდარია, რომელმაც ჩვენ სტრატეგიულ მიზნამდე ჩვენს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობამდე მიგვიყვანს. ბატონო პრემიერო, გილოცავ თქვენ მთავრობას და მმართველ პარტიას, დღევანდელ დღეს ვულოცავ ყველა ოპოზიციურ პარტიას და საზოგადოებრივ გაერთიანებას, რადგან  ამ დემოკრატიას სწორედ ეს მრავალფეროვნება ქმნის. ჩვენ ამ სიძლიერით ვაძლიერებთ დემოკრატიულ საქართველოს და მინდა მასმედიას მივულოცო დღევანდელი დღე, რადგან დემოკრატია თქვენი თავისუფლების გარეშე ვერ შედგებოდა. სრულად საქართველოს მოქალაქეს გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს. დღეიდან ჩვენ გადავაბიჯებთ ახალ ასწლეულში ჩვენი რესპუბლიკისა და მომავალ 100 წელს გავივლით ისევე იმ პრინციპებით და ღირებულებით, რაც ჩვენ წინაპრებს გაუვლიათ. აქ მიზანი ნათელია, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ჩვენ უნდა შევქმნათ ქვეყანა თავისუფალი, რომელშიც თავისუფალი მოქალაქეები, მათი მრავალმხრივი ნიჭის განვითარება გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და ისევე მისცემს მომავალ თაობებს მიღწევებს, როგორიც ეს ჩვენს წინაპირებს მიუციათ ჩვენი კაცობრიობისათვის. დღევანდელი მდგრადობა და ერთობა ჩვენი ერისა, ნათლად მაჩვენებს იმას, რომ საქართველო გამარჯვების გზაზე დგას და ჩვენ მეგობრებთან ერთად ჩვენ ამიერიდან მხოლოდ გამარჯვების გზით ვივლით. ღმერთ გფარავდეთ თქვენ და ღმერთი ფარავდეს საქართველოს”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.