გიორგი მამრიკიშვილი - ოთარ ფარცხალაძის მიერ მიწის შეძენის შემთხვევაში მერიამ პროცესი გააჭიანურა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მამრიკიშვილი ამ ეტაპზე ვერ ასახელებს, კონკრეტულად რა ოდენობის თანხის ზარალი მიადგა თბილისის ბიუჯეტს, თუმცა, ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძის მიერ მიწის შეძენის შემთხვევაში, მერიამ პროცესი გააჭიანურა.
“ამ ეტაპზე, კონკრეტულად ვერ ვასახელებთ თანხის რაოდენობას, თუ რა ზარალი მიადგა დედაქალაქის ბიუჯეტს, თუმცა ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოთარ ფარცხალაძის მიერ მიწის შეძენის შემთხვევაში მერიამ პროცესი გააჭიანურა და ისე წარიმართა, რომ ზიანი მიადგა თბილისის ბიუჯეტს და საზოგადოების ინტერესს“, – -განაცხადა მამრიკიშვილმა პირველ არხთან.
მისივე თქმით, ჩატარებული აუდიტის შედეგად, გამოვლინდა 10 შემთხვევა, როცა არსებობდა რისკი, რომ მერიის მიერ შემზღუდავი პირობი დაწესება მორგებული ყოფილიყო კონკრეტული პირების ინტერესებზე.
აუდიტის სამსახურის დასკვნაში, 2015-2016 წლებში თბილისში უძრავი ქონების მართვის პროცესში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, საუბარია ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანია შპს „ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტზე“. რეესტრის მონაცემებით, ფარცხალაძე დღეს კომპანიის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი და დირექტორია. ანგარიშის მიხედვით, 2012 წელს, გზის გაყვანის შედეგად კერძო კომპანიისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება 2016 წელს მიწის ნაკვეთით მოხდა. ამასთან, ზარალის მიღების პერიოდთან შედარებით, ნაკვეთის ღირებულება დაახლოებით 5-ჯერ მეტი იყო.