გიორგი მამალაძე - პატივცემულო მოსამართლეებო, გისურვებთ განაჩენის მიღების ჟამს იესო ქრისტეს თანადგომას
დღეს მე დასჯილი ვარ არა იმ დანაშაულის გამო, რომელიც არ ჩამიდენია, არამედ იმისთვის, რომ მისმა უწმინდესობამ ჩემი თანამდებობაზე დანიშვნით, ცალკეულ პირებს შეუზღუდა ეკლესიის ქონებაში უხეში ჩარევა, – ამის შესახებ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
გიორგი მამალაძემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სიტყვა წაიკითხა და აღნიშნა, რომ პროკურატურამ ამოღებულ ციანიდზე არ ჩაატარა დნმ-ის და დაქტოლოსკოპიური ექსპერტიზა.
“ექსპერტიზა ჩაუტარეს ფარატინა ფურცელს, სადაც ეწერა “კალიუმის ციანიდი”, რაც კითხვის ნიშნებს ბადებს. არ მოგვეცა შესაძლებლობა მთავარი მტკიცებულების აეროპორტის ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მოპოვების, რითაც დამტკიცდებოდა სუს-ისა და პროკურატურის უკანონო ქმედებები როგორც ჩემს მიმართ, ასევე ბარგის ამოღებისას. ამ უკანონო მოქმედებების დაფარვის მიზნით, ბრალდებამ აღნიშნული ჩანაწერების ამოღება და საქმეზე დართვა მიზანშეწონილად არ მიიჩნია, მაშინ როცა საქმეს დაურთო ჩემი სახლის გასაღების მეპატრონეზე გადაცემის ვიდეოკადრები. დაკავებიდან მეორე დღეს 11 თებერვალს წარმიდგინეს ბრალი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების შესახებ. მიუხედავად ამისა, 13 თებერვალს მთავარმა პროკურორმა შოთაძემ საზოგადოების წინასწარი განწყობის შექმნის მიზნით გააკეთა განცხადება, რომლითაც საზოგადოებას პატრიარქის მკვლელობის აღკვეთაზე მიანიშნა. საზოგადოების წინასწარ განწყობასვე ემსახურებოდა, პროკურატურის მიერ მიმდინარე წლის 8 მარტს, სინოდის სხდომის წინა დღეს, საზოგადოებისათვის დამონტაჟებული მასალების გაცნობა. გაუთქმელობის პირობიდან გამომდინარე შეუძლებელი გახდა დაცვას კონტრარგუმენტები წარმოედგინა”, – განაცხადა დეკანოზმა.
მისივე თქმით, აეროპორტიდან გატაცებიდან დღემდე სისტემატიური ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფება და გატაცების დღიდან ადვოკატების თანდასწრებით სთხოვენ, რომ პატრიარქის მკვლელობის მომზადებაში მიტროპოლიტ დიმიტრისა და იოსებ ოხანაშვილის მონაწილეობა აღიაროს.
“დღეს მე დასჯილი ვარ არა იმ დანაშაულის გამო, რომელიც არ ჩამიდენია, არამედ იმისთვის, რომ მისმა უწმინდესობამ ჩემი თანამდებობაზე დანიშვნით, ცალკეულ პირებს შეუზღუდა ეკლესიის ქონებაში უხეში ჩარევა. სამწუხაროა მაგრამ ფაქტია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ის ზეწოლის მსხვერპლია, სახალხო დამცველს აკრიტიკებენ, რადგან მან თქვა, რომ ციანიდის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულდა. თქვენ კი პატივცემულო კოლეგიის წევრებო, გისურვებთ განაჩენის მიღების ჟამს ჭეშმარიტი მსაჯულის უფალი იესო ქრისტეს თანადგომას, რათა ხელისუფალთა და ფარისეველთა ზეწოლისა თუ თანამდებობის დაკარგვის შიშით გამო, მოსამართლე ბუგიანიშვილის მსგავსად, ანგარებით არ იძალადონ კანონზე და უკანონო განაჩენი არ გამოიტანონ,“ – აღნიშნა დეკანოზმა.