გიორგი ლილუაშვილი - პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, შეიარაღებულ ძალებში თვისობრივ და ფუნდამენტურ ცვლილებებს შევიტან
თუ პრეზიდენტად ამირჩიეს და მთავარსარდალი გავხდი, დღეს არსებულ შეიარაღებულ ძალებში თვისობრივ და ფუნდამენტურ ცვლილებებს შევიტან, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გიორგი ლილუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.
„თავდაცვის სამინისტროს პოლიციური ფუნქციები არ უნდა ევალებოდეს და მისი ქვედანაყოფები მოქალაქეების დარბევაში არ უნდა მონაწილეობდნენ, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. ამის გამო, ფაქტობრივად, ჯარში წასვლა სასირცხვილოც კი გახდა. გაწვევის შემდეგ, ჩვენი წვევამდელები შსს-ს ქვედანაყოფებში საყარაულო სამსახურებში მიდიან, რაც დაუშვებელია და ეს უნდა შეიცვალოს. ასევე სრულად უნდა შეიცვალოს არსებული შეიარაღება და ის თანამედროვე ტექნოლოგიებით უნდა განახლდეს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
დებატში მონაწილე კანდიდატის, ბესარიონ თედიაშვილის შეკითხვაზე, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, აპირებს თუ არა მთავრობასთან თანამშრომლობას, გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, არსებულ მთავრობას დაითხოვს და მას დარგის სპეციალისტებით ჩაანაცვლებს.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას განიხილავს მთავარ საგარეო გამოწვევად და როგორ აპირებს საგარეო მიმართულებით მუშაობას იმ შემთხვევაში, თუ მისი ხედვა მთავრობის მიერ შემუშავებული პოლიტიკისგან განსხვავდება, რადგან ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტი საგარეო ასპარეზზე იმ პოლიტიკას წარადგენს, რასაც მთავრობა პარლამენტთან შეთანხმებით ადგენს, გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი გახდება, ხელისუფლება თავად იქნება და საკუთარ თავთან ითანამშრომლებს.
„რაც შეეხება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, ჩვენი პარტნიორი ქვეყანა აშშ-ია. დღესდღეობით, მათაც საკმაოდ დიდი პრობლემები აქვთ და ეტყობა, ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოში განთავსებული თავიანთი საელჩოსთვის ვერ მოიცალეს. ჩვენი წარმომადგენლები არჩევნებზე დამკვირვებლად ვერ მიდიან, რადგან თურმე, საელჩოში შესვლაც კი შეუძლებელია. თუ ჩვენ ვმეგობრობთ, ეს მეგობრობა თანასწორ პირობებში უნდა იყოს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველომ პარტნიორად აშშ აირჩია და მასთან მეგობრობს, მაგრამ ყველას სურს, ამ ქვეყანასთან ურთიერთობა გაგვიფუჭდეს.
„ამიტომ, აშშ-ს ვთხოვ, ეს მეგობრობა უფრო გაამყარონ და შესაბამისად, მიხედონ აქ განთავსებულ მათ საელჩოს, რომელიც ცდილობს, მდგომარეობა პირიქით, დაძაბოს. მე აგრეთვე ვითანამშრომლებდი უკრაინასთან და ევროპის ქვეყნებთან, რომლებიც ჩვენს პოზიციას ითავისებენ და, რომლებიც გვერდით დაგვიდგებიან“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
დებატში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატის, თემურ შაშიაშვილის შეკითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს, რომ საქართველო საპრეზიდენტო მმართველობას დაუბრუნდეს, გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა, რომ ის ამის მომხრეა.