ბექა ლილუაშვილი - გაუგებარი ჭორაობის საფუძველზე მიმდინარეობს გიორგი გახარიას, მისი გუნდის დისკრედიტაციის მცდელობა, რაც უშედეგო იქნება
ბექა ლილუაშვილი - გაუგებარი ჭორაობის საფუძველზე მიმდინარეობს გიორგი გახარიას, მისი გუნდის დისკრედიტაციის მცდელობა, რაც უშედეგო იქნება

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას და მისი პოლიტიკური გუნდის დისკრედიტაციის მცდელობა უშედეგო იქნება.

მისივე თქმით, ამგვარ მცდელობას საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ გახარიას გუნდის მხარდამჭერების რაოდენობა დღითიდღე იზრდება.

„ყოველდღიურად ვისმენთ ახალ-ახალ გამოგინილ ისტორიებს. იცით, რა მახსენდება? ბავშვობაში იყო თამაში, „გაფუჭებული ტელეფონი“ ერქვა, ჩურჩულით ინფორმაციის, ჭორების გავრცელება და ეს ამას მაგონებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ტიპის გაუგებარი ჭორაობის საფუძველზე ხდება გიორგი გახარიას და მისი პოლიტიკური გუნდის დისკრედიტაციის მცდელობა. რა თქმა უნდა, ეს უშედეგო იქნება. რა შეიძლება, ვუწოდოთ ასეთი პოლიტიკური შეფასებების გავრცელებას, რომლის უკანაც არანაირი რაციონალი და თანმიმდევრული ლოგიკა არ დგას. ეს იმის გამოვლინებაა, რომ მათ დაინახეს, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს წინ და ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი მიმართულია თითოეული მოქალაქის საჭიროებებზე. ასევე დაინახეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, ის, რომ დღითიდღე იზრდება ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა და ჩვენი რეიტინგი. ეს არის რაღაც გაუგებარი მცდელობების მთავარი საფუძველი“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ლილუაშვილი ამბობს, რომ მათ პარტიას თბილისის მერობის კანდიდატი ეყოლება და საკითხზე გუნდში მსჯელობენ.

„უშუალოდ საარჩევნო კონტექსტში თანამშრომლობას რაც შეეხება, ამაზე საუბარი ძალიან ადრეა. დღევანდელი მდგომარეობით, არავითარი კოალიციური შეთანხმებები არ გვჭირდება. რა თქმა უნდა, თბილისის მერობის კანდიდატი გვეყოლება. განვიხილავთ სხვადასხვა შესაძლებლობას. ახლა ვერ დაგისახელებთ“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ბექა ლილუაშვილი განმარტავს, რომ ითანამშრომლობენ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომლის ფასეულობები, ღირებულებები მათ პარტიასთან თანხვედრაში იქნება, და რომელიც კონკრეტულ მომენტში სახელმწიფო ინტერესებს ვიწრო პარტიულ ინტერესებს არ ამჯობინებს.

„ასეთი პოლიტიკური ძალა შეიძლება იყოს მმართველი ხელისუფლებაც და ოპოზიციური ძალების სხვა წარმომადგენლებიც“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.