გიორგი კვირიკაშვილს იმედი აქვს, რომ გედევან ფოფხაძე უმრავლესობას არ დატოვებს
გიორგი კვირიკაშვილს იმედი აქვს, რომ გედევან ფოფხაძე უმრავლესობას არ დატოვებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ დეპუტატი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას არ დატოვებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, შეხვდა გედევან ფოფხაძეს და სთხოვა, უმრავლესობა არ დაეტოვებინა.

ამასთან, მისი თქმით, პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივი პროცესია.

„მე ძალიან დამწყდება გული, თუ გედი ფოფხაძე დატოვებს უმრავლესობას. მე მას შევხვდი და ვთხოვე, არ დაეტოვებინა უმრავლესობა და იმედი მაქვს, არ დატოვებს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, დემოკრატიის ამ ხარისხის პირობებში, უმრავლესობის ერთ ხმაზე ყოფნა გამორიცხულია და არასასურველიც არის“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით,  დემოკრატიის ეს ხარისხი არის სიმდიდრე, მონაპოვარი, რომელიც საქართველომ მიიღო და ამ მონაპოვარს სხვა ტიპის მართვაც სჭირდება.

მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ, საქართველოში შეიქმნა სრულიად ახალი რეალობა და ქვეყანა მართლაც დემოკრატიის გზას დაადგა.

“დღეს არის სრულიად სხვა ხარისხის თავისუფლება. არჩევნები არის თავისუფალი, მედია არის თავისუფალი, არასამთავრობო სექტორი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია და ამ გარემოში სრულიად არაბუნებრივია, რომ 115-კაციანი უმრავლესობა აბსოლუტურად ერთ ხმაზე იყოს ყველა საკითხთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ ისეთ ქვეყანაში და იმ დემოკრატიის პირობებში ცხოვრებას ვსწავლობთ, რომლის მსგავსიც პრინციპში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. ამიტომ, აბსოლუტურად ბუნებრივია ის პროცესები, რომლებიც დღეს პარლამენტში მიმდინარეობს“,  – ამბობს პრემიერ-მინისტრი.

ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ეს პროცესი განხეთქილებად წარმოაჩინონ, თუმცა უმრავლესობაში არანაირი განხეთქილება არ არის.

„არის საკითხები, როდესაც კონსოლიდაცია საჭიროა, როგორიც იყო მაგალითად კონსტიტუციის მიღებისას, მაგრამ არის საკითხები, როდესაც ვერ მოხერხდება გუნდის ყველა წევრის ერთ აზრზე შეჯერება. ასეთ დროს არის ხოლმე თავისუფალი კენჭისყრაც და ა.შ. ამიტომ, შეხედეთ ამას, როგორც სიმდიდრეს, მონაპოვარს და არავითარ შემთხვევაში არა, – როგორც რაიმე განხეთქილების საბაბს. არანაირი განხეთქილება უმრავლესობაში არ არის, არის ძალიან ნორმალური, დემოკრატიული პროცესი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე და მონაპოვარია. რა თქმა უნდა, ეს უცხოა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამაზე სპეკულირებენ და ცდილობენ, წარმოაჩინონ, როგორც განხეთქილება. ეს მათთვის უცხოა, რადგან ხელისუფლებაში მათი ყოფნის პირობებში ასეთი რამ შეუძლებელი იყო. შესაბამისად, ის განსხვავება, რომელიც დღეს გვაქვს, არის ჩვენი ქვეყნის ნამდვილად ძალიან დიდი მონაპოვარი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მმართველი გუნდის მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება.