გიორგი კვირიკაშვილი - უმსხვილესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ჩვენს რეფორმებს ძალიან დადებითად აფასებენ
უმსხვილესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ჩვენს მიერ დაგეგმილ თუ უკვე განხორციელებულ რეფორმებს ძალიან დადებითად აფასებენ, ეს კი უდავოდ არის იმის აღიარება, რომ მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელსაც ახალ-ახალი კომპონენტები ემატება, წარმატებით ხორციელდება და ქვეყნის სწრაფი განვითარების რეალურ და ხელშესახებ შედეგებზეა გათვლილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, როდესაც ფინანსთა მინისტრის ვიზიტებს გამოეხმაურა.
საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ შედგა საქართველოს ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი აშშ-ში, სადაც მინისტრი მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წლიურ შეხვედრებს დაესწრო. ასევე, დელეგაციამ, რომელშიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც იმყოფებოდა, მონაწილეობა მიიღო აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში.
„როგორც აზიის განვითარების ბანკი, ისე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში პორტფელისა და კერძო სექტორის დაფინანსების გაზრდას აპირებენ. ასევე აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკი, ზაფხულში რამდენიმე ფორმალური პროცედურის გავლის შემდეგ, დაამტკიცებს ახალ, გაზრდილ საკრედიტო პორტფელს საქართველოსთვის. რამდენიმე დღეში კი, კერძოდ 14-16 მაისს, საქართველოში პირველად, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება. ეს უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.
მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ვიზიტების მნიშვნელოვანი შედეგები გაზრდილ ინვესტიციებში აისახება.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ქვეყნისადმი, მისი სამეწარმეო და მაკროეკონომიკური გარემოსადმი ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ნდობა, რაც კერძო სექტორის ჩართულობასა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე პოზიტიურ გავლენას ახდენს.