გიორგი კვირიკაშვილი - სასიხარულოა, რომ 100 წლის იუბილეს უნივერსიტეტი აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის გახსნითაც აღნიშნავს
დღეს თსუ 100 წლის იუბილეს ხვდება როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების სიაში შედის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თსუ-ს 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, უმაღლესი სასწავლებლების გაცვლითი პროექტები, რომლებიც ასე აქტუალურია დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთი საუკუნის წინ დაიწყო და ჯერ კიდევ მაშინ თანამშრომლობდა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლის მიმართულებით.
“სრულიად ბუნებრივია, რომ დღეს უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰყავს 180-მდე პარტნიორი უნივერსიტეტი 50-მდე ქვეყანაში. მივესალმები ქართველოლოგიის კათედრების გახსნას ჩვენს პარტნიორ უნივესიტეტებში, რაც უდავოდ აღსანიშნავი მოვლენა გახლავთ. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო, ეს გახლავთ ჩვენი მეცნიერების დამოკიდებულება აფხაზური და ოსური ენის მიმართ. სწორედ უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა დაიწყეს ზრუნვა აფხაზური და ოსური ენის განვითარებასა და მეცნიერულად შესწავლაზე. დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. ხდება ასევე საფუძვლიანი, სიღრმისეული კვლევები ოსური ენის მიმართულებით. სასიხარულოა, რომ დღეს, 100 წლის იუბილეს უნივერსიტეტი აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის გახსნითაც აღნიშნავს. მჯერა, რომ საქმეს, რომელსაც ჩვენი სახელოვანი მეცნიერები ასი წლის წინ ჩაუდგნენ სათავეში, რასაც ესოდენ დიდი ენთუზიაზმითა და სიყვარულით აკეთებდნენ, ჩვენ ღირსეულად გავაგრძელებთ და ახალ სიცოცხლეს შევძენთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.