გიორგი კვირიკაშვილი - სპორტულ აქტივობებში ჩართულთა რაოდენობა სამ წელში უნდა გავაორმაგოთ
ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის შემუშავების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქალაქის მერი კახა კალაძე და პარლამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა ქვეყანაში ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი უნდა გახდეს. ჩვენ მუშაობას უკვე დღეიდან ვიწყებთ, რათა უმოკლეს პერიოდში არსებული ინფრასტრუქტურის შეფასება მოხდეს, მხედველობაში მაქვს სპორტული ინფრასტრუქტურა. ეს ხელმისაწვდომი უნდა იყოს მთლიანად მოსახლეობისთვის, მათ შორის ეკონომიკურად შეჭირვებული ფენებისთვის. შემუშავებული იქნება მართვის სპეციალური პოლიტიკა, ეს იქნება როგორც სპორტულ-გამაჯანსაღებელი, ასევე სოციალური კუთხით მიმართული პოლიტიკა. სპეციალურ ნაბიჯებში ვგულისხმობ იმას, რომ დღეიდან ერთი თვის მანძილზე, უმოკლეს ვადებში მოხდება შეფასება. დაიდება გეგმა, თუ რა გვჭირდება. სექტემბრიდან, როდესაც მომავალი წლის ბიუჯეტზე გადავალთ, შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსების პრიორიტეტიდან გამომდინარე, თვისობრივად სხვა დონეზე აისახება ეს სახელმწიფო ბიუჯეტში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს არსებული უამრავი კვლევის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სპორტსმენების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, სპორტული აქტივობების მაჩვენებელი საქართველოში საშუალო ევროპული მაჩვენებელის ნახევარიც არის.
„ეს მაჩვენებელი დღეიდან სამი წლის განმავლობაში უნდა გავაორმაგოთ და მივუახლოვოთ ევროპულ მაჩვენებელს. ეს არის ჩვენი გეგმა. ზოგიერთ უწყებას ბევრი აქვს ნამუშევარი. მერიაში არის გარკვეული სამუშაო ჩატარებული. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტები ნამუშევარი არიან. სამინისტროების კუთხითაც არსებობს გარკვეული სამუშაოა. ჩვენი მიზანია, რომ მართვის ერთიანი მოდელი ჩამოვაყალიბოთ, როგორ უნდა იმართოს ეს ინფრასტრუქტურა. დღეს ძალიან გაბნეულია ეს ყველაფერი. 80% ინფრასტრუქტურის სახელმწიფოს ხელშია, მხოლოდ 20%-ია კერძო. მოდელზეც უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ რა ერთიანი მართვის მოდელი იქნება ამ ინფრასტრუქტურისთვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში მნიშვნელოვანი იქნება ცნობილი ადამიანების ჩართულობა.
„მნიშვნელოვანი იქნება კონკრეტული აქტივობები, ყოველ შაბათ-კვირას უნდა იყოს ასეთ აქტივობები. ბიზნესის, საქმიანი წრეების ჩართულობა ამ გეგმის განხორციელებაში იქნება უკიდურესად მნიშვნელოვანია. მომავალ დღეებში კონკრეტული გეგმის განვითარების ნაბიჯების შესახებ გაცნობებთ. ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, ეს საკითხი ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ხდება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.