გიორგი კვირიკაშვილი - შუალედურ და უფრო გრძელვადიან ჭრილში საქართველო მიიჩნევს, რომ არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი
შუალედურ და უფრო გრძელვადიან ჭრილში საქართველო მიიჩნევს, რომ ის არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე – Strategic outlook: Eurasia განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამისად, საქართველოს მთავრობას აქვს ეტაპობრივი დაახლოების დღის წესრიგი და სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ევროპული ნორმების დანერგვას წინასწარ შემუშავებული გრაფიკით.
„ახლახან ჩვენ შევიმუშავეთ კიდევ უფრო აქტიური დღის წესრიგი 2020 წლისთვის, რომელიც სცდება განრიგის ფარგლებს, ანუ წინ უსწრებს მას ევროპული ნორმების დანერგვის კუთხით. ჯერჯერობით შეინიშნება მხოლოდ პოზიტიური დინამიკა, რომელიც ახლავს ევროპული ნორმების დანერგვის პროცესს, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს ევროპის ბაზარზე როგორც პროდუქციის, ისე მომსახურების ექსპორტის კუთხით. ჩვენი ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ჩათვლით, შეგვიძლია ჩვენი პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვა ევროპულ ბაზარზე.
რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი?! ის არ იქნება ასეთი მნიშვნელოვანი, თუკი მას განვიხილავთ, როგორც ცალკე მდგარ, განყენებულ შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. გარდა ამ შეთანხმებისა, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, მაგალითად, შვეიცარიასთან და ასოციაციის სხვა წევრ ქვეყნებთან, ყველა მეზობელ ქვეყანასთან, ასევე – ჩინეთთან” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, როცა დაიწყო მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, იყო სკეპტიციზმი და შიში ქვეყნის შიგნით, ბიზნესის წარმომადგენელთა შორის, რომ ამას შესაძლოა, დაესამარებინა საქართველოს ინდუსტრიული განვითარების პერსპექტივები, რაც ასე არ მოხდა.
„საქართველოში შეინიშნება სრულიად საპირისპირო ტენდენცია. ჩინური კომპანიები განიხილავენ საქართველოს, როგორც წარმოების პოტენციურ ადგილს, ცენტრს, სულ მცირე, პროდუქციის ნაწილობრივი წარმოების კუთხით, რათა ეს ნაწარმი გაიყიდოს ევროპის ბაზარზე, და პირიქით. დღეს ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ინდურ კომპანიებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში ფილიალების გახსნით ბიზნესის აუთსორსინგის მიზნით. ეს კი ნიშნავს, რომ საერთაშორისო ვაჭრობისთვის გახსნას მეტი პერსპექტივა მოაქვს, ვიდრე დაბრკოლება. სწორედ ამას ცხადყოფს საქართველოს გამოცდილება და ეს არის თავისუფალი ვაჭრობის სარგებლიანობის იდეალური ემპირიული დადასტურება საქართველოს მაგალითზე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.