საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ედუარდ ფილიპს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
საუბრის მთავარი თემები იყო ორმხრივი თანამშრომლობა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის კიდევ უფრო გაძლიერება.
ყურადღება დაეთმო საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს. აღინიშნა სხვადასხვა სფეროში საფრანგეთისა და საქართველოს თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს “ღია მმართველობის პარტნიორობის” შესახებ, რომლის თავმჯდომარეობა საქართველომ საფრანგეთისგან ცოტა ხნის წინ გადაიბარა.
გიორგი კვირიკაშვილმა ფრანგ კოლეგას საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები გააცნო. პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.