გიორგი კვირიკაშვილი - ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების ისტორიული პროცესი იწყება
საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების ისტორიული პროცესი იწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, 20 მაისს თურქულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება გადაუდებელი პროექტის სახით, დაიწყოს ოშკის გუმბათის სამუშაოები , შემდეგი ეტაპი მოიცავს ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას, რომელიც ერთობლივად უნდა განხორციელდეს ქართველი და თურქი სპეციალისტების მიერ.
„სიმბოლურია, რომ ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის მოვლენა ემთხვევა ჩვენი დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს და მინდა, რომ მადლობა ვუთხრა, კულტურის სამინისტროს მიხეილ გიორგაძეს გაწეული სამუშაოსთვის. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ საქართველოს მემკვიდრეობაზე ზრუნვას და მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო თურქეთის ხელისუფლებას შემხვედრი ნაბიჯებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის. ასეთი ნაბიჯები ნამდვილად წაადგება ხელს ამ საქმეს, რასაც ჰქვია ჩვენს მეგობრულ ქვეყანას შორის ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობების გაღრმავება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.