თურქეთის ტურიზმისა და კულტურის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ოშკის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში განახლდება
თურქეთის ტურიზმისა და კულტურის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ოშკის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში განახლდება

ოშკის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში განახლდება, – ამის შესახებ თურქეთის ტურიზმისა და კულტურის მინისტრის მოადგილე სერდერ ჩამმა ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ყველა ისტორიული ძეგლი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ ართვინის რეგიონში იშხანის რესტავრაცია დასრულდა. ასევე მოხდა თამარის ხიდების რესტავრაცია. ოშკს რაც შეეხება, სამუშაოები იქ უკვე დაწყებულია. ახლა ველოდებით ტენდერის გამოცხადებასა და ჩატარებას, რათა სამუშაოების ჩატარების აქტიურ ფაზაში გადავიდეთ“, – აცხადებს სერდარ ჩამი.

მისივე თქმით, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების გარდა, ასევე მნიშვნელოვანია, თუკი ამა თუ იმ ისტორიულ ძეგლს, ეკლესიას ან მეჩეთს ჰყავს მრევლი, მათ ამ კუთხითაც შეძლონ ფუნქციონირება, როგორც თურქეთში, ასევე საქართველოში.

„ზოგადად, თურქეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რელიგიური მრავალფეროვნება. პირობა მინდამ ჩამოგართვათ, როდესაც დასრულდება რეაბილიტაცია, ჩამოხვალთ და ერთად მოვინახულებთ მას“, – მიმართა ჟურნალისტებს თურქეთის ტურიზმისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ.

თურქეთის ტურიზმისა და კულტურის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა ჟურნალისტთა საერთაშორისო საბჭოსა და საქართველოში თურქეთის საელჩოს ორგანიზებით შედგა.