გიორგი კვირიკაშვილი - ორბელიანის მოედანზე სიძველე და პროგრესი ერთმანეთს ერწყმის
გიორგი კვირიკაშვილი - ორბელიანის მოედანზე სიძველე და პროგრესი ერთმანეთს ერწყმის

დღეს ძალიან კარგი დღეა, ვიწყებთ ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის ულამაზეს პროექტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ორბელიანის მოედანი ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი იყო, ამ ადგილას განსაკუთრებულად იგრძნობოდა ის ჰარმონია, რომელიც თბილისი გამოარჩევს ყველა სხვა ქალაქისგან. 

“ორბელიანის მოედანზე სიძველე და პროგრესი ერთმანეთს ერწყმის და სწორედ ახალი ტფილისი არის ამ სიძველის და სიახლის გამაერთიანებელი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც დავით ნარმანიამ დაიწყო.  ძველი აღმაშენებლის რეაბილიტაცია განხორციელდა და ეს არის დღეს ყველასთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი. დღეს კახი იწყებს დღეს თბილისი განვითარების სრულაიდ ახალ ეტაპს და მე მას მინდა წარმატება ვუსურვო. ეს ადგილი მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, მწვანე სივრცეებით. ჩვენ ამ ადგილისგან მივიღებთ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ უბანს, რომელიც იქნება გამორჩეული პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთათვის იქნება უსაყვარლესი ადგილი, ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებისთვის ასევე გახდება ძალიან მიმზიდველი ადგილი. ჩვენი ვალია დღეს, როდესაც განვითარების ახალი მოთხოვნებია, როდესაც სისწრაფე განვითარების სრულიად ახალ ტემპებს იღებს, რომ თითოეული ჩუქურთმა, რომელიც ჩვენ თბილისს აქვს, თითოეულ შენობას, რომელიც არის ერთი ქალაქის ფასი, შემოვუნახოთ, აღვადგინოთ, მოვეფეროთ და განვაახლოთ. ეს პროექტი თბილისში შექმნის ინვესტიციებისთვის ახალ პლატფორმას და სახელმწიფოს მიერ ჩადებული რესურსი იქნება დამხმარე, რომ აქ გაჩნდეს ახალი სიცოცხლე. ეს ახალი სიცოცხლე გულისხმობს იმას, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ ადგილის კოლორიტს ქმნიდნენ დღემდე, ეს არიან აქ მცხოვრებლები, ის ხელოსნებიც, რომლებიც პირიმზეში მუშაობდნენ დღეს გადანაცვლებულები არიან სხვადასხვა შენობებში, ყველა უნდა დარჩეს აქ, რადგან ყველასთვის უნდა მოიძებნოს ადგილი იმ განახლებულ თბილისში, რომელიც ჩვენთვის იქნება ულამაზესი და უსაყვარლესი ადგილი. გილოცავთ ამ მნიშვნელოვანი პროექტის დასაწყისს, ჩვენ ახალი წელი გვიახლოვდება და საახალწლოდ ახალი განწყობა და ახალი სიხარული გჭირდება, დღევანდელი დღე არის ახალი სიხარული, რომელიც ჩვენს თბილისელებს ექნებათ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.