გიორგი კვირიკაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ ჩხენკელი 20-წლიანი გამოცდილების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში
გიორგი კვირიკაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ ჩხენკელი 20-წლიანი გამოცდილების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში

განათლების სფერო, ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლების ახალ მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, საზოგადოებაში დღეს არსებული პრობლემების, ასევე შესაძლებლობების სათავე არის ზუსტად განათლების სფეროში და ახალგაზრდობის კომპონენტის შემოერთებასთან ერთად, ამ სამინისტროს მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება.

„ალექსანდრე ჯეჯელავამ ოთხპუნქტიანი რეფორმის ფარგლებში დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა – ჩვენ დავიწყეთ პროფესიული განათლების, უმაღლესი განათლების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა.  ბატონო მიხეილ, მინდა, თქვენი გამოცდილება ჩვენმა ქვეყანამ მაქსიმალურად გამოიყენოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 20-წლიანი გამოცდილების შემდეგ დაბრუნდით ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის სამსახურში ჩადექით. ეს არის დასაფასებელი და ვისურვებდი, ჩვენი ბევრი თანამემამულე იყოს ასე განწყობილი, რომ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის სამსახურში ჩადგეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მიხეილ ჩხენკელმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და აღნიშნა, რომ მთელ ენერგიას და გამოცდილებას არ დაიშურებს, რათა მნიშვნელოვანი საქმეს ემსახუროს.

„განათლებას აქვს უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და ზოგადად განათლების ხარისხის, ასევე მეცნიერების ხარისხის ამაღლება არის ჩვენი სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი. ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ თითოეულმა ახალგაზრდამ იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს. ეს ნამდვილად ასე მოხდება, რომ ჩვენი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის პოტენციალის რეალიზება განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.