გიორგი კვირიკაშვილი - მნიშვნელოვანია, ხალხმა დაინახოს, რომ ოპტიმიზაციის მთავარი ორიენტირი ნამდვილად არის ადამიანი
მნიშვნელოვანი იქნება, ოპტიმიზაციის პროცესი მაქსიმალურად პროფესიონალურად ჩავატაროთ, რათა ხალხმა დაინახოს, რომ ამ ოპტიმიზაციის მთავარი ორიენტირი ნამდვილად არის ადამიანი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავარია, ამ ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლდეს რესურსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით დაიხარჯება.
„ფინანსთა სამინისტროსთან მიმართებაში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, განსაკუთრებით ამ ოპტიმიზაციის პროცესში, სახელმწიფო ფინანსები მოვარგოთ იმ ახალ საჭიროებებს, რომლებზეც ვისაუბრეთ. მთავარია, ამ ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლდეს რესურსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით დაიხარჯება. დიმიტრი ქუმსიშვილმა ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა ამ სამინისტროში. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან დღეს გვაქვს აბსოლუტურად აწყობილი ურთიერთობა და მნიშვნელოვანი იქნება, ეს ოპტიმიზაციის პროცესი მაქსიმალურად პროფესიონალურად ჩავატაროთ, რათა ხალხმა დაინახოს, რომ ამ ოპტიმიზაციის მთავარი ორიენტირი ნამდვილად არის ადამიანი. ეს იყო ზუსტად ის, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ – თითოეული პროგრამა, თითოეული მუხლი სახელმწიფო ბიუჯეტში, საბოლოო ჯამში მიმართული იყოს იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეების ყოფა გავაუმჯობესოთ. დიმიტრი იბარებს ორი გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელის ძალიან მნიშვნელოვან პოსტს და მინდა, მასაც წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის ახალ მინისტრს მამუკა ბახტაძეს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მას კარგი გამოცდილება აქვს.
„მამუკას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება, რკინიგზაში გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები. აბრეშუმის გზის პროექტში პრაქტიკულად მოხდა ჩვენი რკინიგზის ინტეგრირება. ჩინეთიდან ჩამოვიყვანეთ პირველი პირდაპირი მატარებლები, ასევე ყურის ქვეყნებთან დავამყარეთ ძალიან კარგი ლოგისტიკური კავშირები და იმედი მაქვს, რკინიგზის ახალი ხელმძღვანელი, რომელსაც შევარჩევთ, ამ საქმეს ღირსეულად გააგრძელებს“, – აღნიშნა პრემიერმა.
მამუკა ბახტაძემ გიორგი კვირიკაშვილის ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.
„ფინანსთა სამინისტრო არის წარმატებული უწყება და შესაბამისად, ეს ჩემთვის ორმაგი პასუხისმგებლობაა. ჩვენს პარტნიორებთან 8 ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრი შეთანხმებულია და ეს გეზი გაგრძელდება. მთავარი პრიორიტეტი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, იქნება ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტურობა. ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვექნება ქართულ ბიზნესთან, განსაკუთრებით ფოკუსს გავაკეთებთ საშუალო და მცირე მეწარმეებთან ურთიერთობაზე და ბუნებრივია, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ფინანსთა სამინისტრო კიდევ უფრო წარმატებული გახდეს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.