გიორგი კვირიკაშვილი - მათ საყურადღებოდ, რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციას, დაყენებული აქვთ ტაიმერები პრემიერის გადადგომაზე, ტაიმერი რამდენიმე წელი არ დარეკავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მოუწოდებს იმ ადამიანებს, რომლებსაც მისი თქმით, პრემიერის გადადგომაზე ტაიმერები აქვთ მომართული, დაისვენონ, ვინაიდან ეს ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს.
აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე გააკეთა, სადაც სამთავრობო ცვლილების შესახებ განაცხადა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად ზურაბ ალავიძის ნაცვლად, მაია ცქიტიშვილი წარადგინა.
„მოსაწყენი რომ არ იყოს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგები, ორიოდე სიტყვით მინდა ვთქვა იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მეთერთმეტე სართულს და დაყენებული აქვთ ტაიმერები პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე. მინდა დავარწმუნო ისინი, რომ ეს ტაიმერი რამდენიმე წელი მინიმუმ არ დარეკავს. ამიტომ დაისვენონ, ასე ვთქვათ, მათი საცოდაობით აღარ ვარ, გამოიძინონ კარგად, სანამ საქართველო წინ წავა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.