გიორგი კვირიკაშვილი - კონსტიტუციის ახალ რედაქციაში არ ჩაწერილა არც ერთი პუნქტი, რომელიც მმართველი ძალის პარტიულ ინტერესებსა და მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება
გიორგი კვირიკაშვილი - კონსტიტუციის ახალ რედაქციაში არ ჩაწერილა არც ერთი პუნქტი, რომელიც მმართველი ძალის პარტიულ ინტერესებსა და მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება

სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში არ ჩაწერილა არც ერთი ისეთი პუნქტი, რომელიც მმართველი პოლიტიკური ძალის პარტიულ ინტერესებსა და მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს.

პრემიერის შეფასებით, მმართველი გუნდი და აღმასრულებელი ხელისუფლება ძალაუფლების მაქსიმალური თვითშეზღუდვის გზით წავიდა.

„ჩვენ მიზნად დავისახეთ, ქვეყანას ჰქონოდა დაბალანსებული კონსტიტუცია და გადავსულიყავით სრულფასოვანი საპარლამენტო მმართველობის მოდელზე. მოგეხსენებათ, ახალ რედაქციაზე მუშაობისას მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო საყოველთაო-სახალხო განხილვა.

საკონსტიტუციო კომისიაში მოწვეული გვყავდა ექსპერტები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. კომისიამ გაითვალისწინა ოპოზიციისა და ექსპერტების რეკომენდაციების 80%-მდე, რაც ასევე უპრეცედენტოა ქვეყნის ისტორიაში. საკონსტიტუციო ცვლილებებით ჩვენ უარი ვუთხარით წლების განმავლობაში დამკვიდრებულ მავნე პრაქტიკას – კონსტიტუცია ვიწროპარტიულ ინტერესებსა და კონკრეტულ პერსონებზე მოგვერგო.

დღეიდან ქვეყანას აქვს კონსტიტუცია, რომლითაც დაბალანსებული და გადანაწილებულია პასუხისმგებლობა ხელისუფლების შტოებს შორის, პარლამენტს აქვს ბუნებრივი როლი და წონა; გამარტივებულია პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები, მთავრობა ხდება უფრო ეფექტიანი და ანგარიშვალდებული, პრეზიდენტს აქვს ნეიტრალური არბიტრის ფუნქციები;

გარდამავალ დებულებებში ასახულია ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური არჩევანი; იზრდება ადამიანის, საზოგადოების დაცულობის ხარისხი, იზრდება საპარლამენტო ოპოზიციის უფლებები, შესაძლებელი ხდება საპარლამენტო ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა; იზრდება სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა; იზრდება შრომითი უფლებების დაცულობის ხარისხი; მყარდება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტიები.

ამას გარდა, გათვალისწინებულია ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით და ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის მოთხოვნა მიწის გასხვისების შეზღუდვებთან დაკავშირებით. ყველა ეს ნაბიჯი პირველ რიგში, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და ამავე დროს, პოლიტიკური კონსენსუსისთვის გადაიდგა“, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

გიორგი კვირიკაშვილმა კონსტიტუციის საბოლოო რედაქციის მიღებაზე განცხადება გაავრცელა.

პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები დღეს 115 ხმით დაამტკიცა.