გიორგი კვირიკაშვილი - გზა, რომელსაც ვადგავართ, ისეთ ეკონომიკურ ზრდას ითვალისწინებს, რომელიც აუცილებლად აისახება მოქალაქეების სოციალურ ყოფაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მოდელი, ისეთ ეკონომიკურ ზრდას ითვალისწინებს, რომელიც თანდათან მოქალაქეების სოციალურ ყოფაზე აუცილებლად აისახება.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, 2017 წელს შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა.
„ძალიან შთამბეჭდავი ზრდა გვქონდა 2017 წელს – ეს გახლავთ 16.2%-იანი ზრდა, ანუ 260 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით. ძალიან ბევრ სექტორში დაფიქსირდა ზრდა, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ 39%-იანი ზრდა არის, ანუ 615 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა ინვესტიციების მოცულობამ ეკონომიკის რეალურ სექტორში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით, ახალი ტექნოლოგიების შემოტანის კუთხით და რა თქმა უნდა, ეს პოზიტიურად აისახება წლევანდელ ექსპორტისა და დასაქმების ზრდაზე“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა რეინვესტირების მაჩვენებლის თითქმის 130%-იან ზრდაზე და აღნიშნა, რომ ეს უპრეცედენტო მაჩვენებელია. მისი შეფასებით, აღნიშნული 2017 წლის პირველ იანვარს დაწყებული მოგების გადასახადის რეფორმის პირდაპირი შედეგია.
„სწორედ, მოგების გადასახადის გაუქმება და არამხოლოდ რეინვესტირებული, არამედ გაუნაწილებელი მოგების გათავისუფლებამ მოგების გადასახადისაგან მოგვიტანა ეს ძალიან სახარბიელო შედეგი რეინვესტირების მაჩვენებლის ზრდაში და რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია აუცილებლად აისახება 2018 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, აღნიშნული დადებითი ტენდენცია თვითკმაყოფილებას არ განაპირობებს და ქვეყანაში ბევრი სოციალურად დაუცველი მოქალაქეა.
„ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილებაში, ჩვენს ქვეყანაში არის უამრავი გაჭირვებული ადამიანი, გვყავს ბევრი სოციალურად დაუცველი, მაგრამ გზა, რომელსაც ჩვენ ვადგავართ, არის ეკონომიკური განვითარების ის მოდელი, ითვალისწინებს ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც თანდათანობით აუცილებლად აისახება ჩვენი თანამოქალაქეების სოციალურ ყოფაზე. დამერწმუნეთ, ის დინამიკა და ციფრები, რომელზეც ვსაუბრობთ, აუცილებლად აისახება ჩვენი თითოეული თანამოქალაქის ყოფაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასევე, ცოტა ხნის წინ დაიწყო მიკრო და მცირე ბიზნესებისთვის ბრუნვის გადასახადის რეფორმა.
„ჩვენ ასევე ვამზადებთ შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს, რომელიც განსაკუთრებულად იქნება ფოკუსირებული მცირე და საშუალო საწარმოებზე, სპეციალური დაფინანსების ინსტრუმენტების შექმნაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად აისახება მცირე ბიზნესზე, მოსახლეობის იმ ფენაზე, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს დღეს და რომლისკენაც ყველაზე მეტად არის საჭირო სახელმწიფო რესურსის მიმართვა იმისთვის, რომ მეწარმეობა წავახალისოთ, მცირე ბიზნესის სეგმენტში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნაბიჯები ძალიან სერიოზულ შედეგს მოიტანს და 2018 წლის მაჩვენებლებიც ასეთივე პოზიტიური იქნება.