გიორგი კვირიკაშვილი - პოლიტიკოსებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დაძაბულობა შევანელოთ, თუნდაც ეს გადიოდეს ჩვენი საკუთარი იმიჯის ხარჯზე
მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენი თითოეული ნაბიჯი ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, როდესაც საუბარია ძალიან მძიმე პროვოკაციების თავიდან აცილებასა და ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, ჩვენ, პოლიტიკოსებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დაძაბულობა შევანელოთ, თუნდაც ეს გადიოდეს ჩვენი საკუთარი იმიჯის ხარჯზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერი დღევანდელ სხდომაზე ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
„მინდა, კიდევ ერთხელ შევეხო იმ უმძიმეს ფაქტს, რომელიც ცხინვალში მოხდა. მოგეხსენებათ, ამ მძიმე ფაქტს ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეეწირა და ორი ადამიანი დააპატიმრეს უკანონოდ. ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა ჩარეულიყვნენ ამ პროცესში. ასევე, მე სპეციალური განცხადებით მივმართე რუსეთის ფედერაციას.
დღესდღეობით ასეთი სიტუაცია გვაქვს – ჩვენი ორი მოქალაქე გათავისუფლებულია და ისინი ოჯახებს დაუბრუნდნენ, რაც უდავოდ კარგია. სამწუხაროდ, ამ მომენტამდე ვერ მოხდა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ დღეების განმავლობაში მოისმინა უამრავი, ძალიან აბსურდული შეფასება იმ განცხადებისა, რომელიც თავად გააკეთა.
მისი თქმით, დამაზიანებელია, როცა ქვეყანაში პატრიოტიზმისა და ქვეყნის სიყვარულის საზომად განცხადებების სიმწვავეა ქცეული.
„საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ის ძალიან არაჯანსაღი გარემო, რომელიც შექმნილია ქვეყანაში, როდესაც ჩვენ პატრიოტიზმის და ქვეყნის სიყვარულის საზომად ჩვენი განცხადებების სიმწვავე ვაქციეთ, არის ძალიან დამაზიანებელი. ამ გარემოს შეუძლია, უბიძგოს პოლიტიკოსებს, გადადგან ისეთ ნაბიჯები, რომლებიც გამოუსწორებელ შედეგებს მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა ვეცადოთ, მაქსიმალური გავაკეთოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ქვეყნის ინტერესების განუხრელი, თანმიმდევრული დაცვა, იმ მანდატის აღსრულება, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ მოგვანიჭა და ქვეყანაში სტაბილური ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა. ეს იყო, არის და იქნება ჩვენი უმთავრესი მიზანი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ ნაბიჯებს“, – აღნიშნა პრემიერმა.