გიორგი კვირიკაშვილი და ირაკლი კობახიძე ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიულ ხედვას წარადგენენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიულ ეროვნულ ხედვას წარადგენენ.
ახალი კონცეფციის წარდგენა თბილისში, საქართველოს პარლამენტში გაიმართება და მას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძიების მონაწილეებს თბილისის მერი, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, კახა კალაძე; საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ნილს სკოტი; ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო და საქართველოში შვეიცარიის ელჩი ლუკას ბეგლინგერი მიმართავენ.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვა რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მიმდინარე რეფორმის ნაწილია, რომელსაც აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობები.
დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვის წარდგენის შემდეგ, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება იგეგმება, რომელსაც საქართველოს პარლამენტი 2018 წელს დაამტკიცებს.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტი და მთავრობა, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით.